“შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა…”

საიდ მულიანი(გიორგი მულიაშვილი) 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ქართველების შთამომავალია. მათი უმეტესობა ცხოვრობს ფერეიდუნშაჰრში (ფერეიდანი),რომელსაც ქართულ მარტყოფს ეძახიან. საიდიც ფერეიდანში, სოფელ ჩუღრუთში დაიბადა. საიდ მულიანმაც თავისით ისწავლა ქართულად წერა-კითხვა დაახლოებით 20 წლის წინ, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა ქართული ენისა და წერა–კითხვის შესასწავლი სახელმძღვანელოს შექმნასა და საკვირაო სკოლის დაარსებაზე. ქართულ-ირანული დედაენა საიდმა ძმასთან, კახასთან ერთად შეადგინა.

2000 წელს საიდ მულიანმა გაბედა და თანამოაზრეებთან ერთად გახსნა საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ატარებდნენ გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც, გარკვეული ხანი საიდის სახლშიც კი. აქ ასწავლიდნენ ანბანს, თანამედროვე ქართულს, ქართულ პროზასა და პოეზიას. სკოლამ რამდენიმე წელი იარსება და სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, დაიხურა, მაგრამ საიდსა და მის მეგობრებს მცდელობა არ დაუკლიათ და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საზაფხულო სკოლა ისევ გაიხსნა. ქართული სკოლები ჯერჯერობით მხოლოდ მარტყოფსა და ისპაჰანშია. საინტერესო და ამაღელვებელია სოციალურ ქსელში საიდის გვერდზე განთავსებული სიტყვები, რომლებიც მან ისპაჰანის ქართული სკოლის გახსნის პირველ დღეს დაწერა:

„გუშინ ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდა ვასწავლო ქართული წერა–კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ. ალბათ მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო. ქართველნო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი? ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა. 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა უცებ გაქრა, 2 საათი გაგრძელდა ეს გაკვეთილი, ისე მიხაროდა, რომ არ გავეჩერებინე, დილამდე ვასწავლიდი. ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!“

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები