საქართველოს 14-წლამდელთა გუნდი ევროპის ლიგის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს, რომელმაც ბრწყინვალე ევროპული სეზონი ჩაატარა, მთავარი ტიტულის მოგებამდე მცირედი დააკლდა და ევროპის ლიგის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მათე ხატიაშვილი დასახელდა.

„იშვიათად ხდება, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში წაგებული გუნდის კალათბურთელი სახელდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი გახლდათ. სუპერფინალური ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მათე ხატიაშვილი გახლდათ, რომელიც 1 თავით მაღლა იდგა ყველა ოპონენტზე. ფინალში მათემ 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რომლის დასანანად წაგების შემდეგ ტურნირის MVP-ის ტიტული და მეორეადგილოსანისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა. მასვე გადაეცა სუპერფინალის ბომბარდირის პრიზი და რა თქმა უნდა, დასახელდა ტურნირის სიმბოლური ხუთეულის წევრად“, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათე ხატიაშვილი  ლატვიიდან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის “ბასკონიაში” ვარჯიშობს ამ კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში პირველ ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო და დასკვნით ეტაპზე იასპარეზა.

სუპერფინალს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ ძლიერი ლიეტუვური და ლატვიური გუნდები დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ უნგრულ გუნდთან ქულით დამარცხდა. “რატგებერს” ამ სეზონში ევროპის ლიგაზე სუპერფინალამდე მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები