ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე კომაროველებმა ორი მედალი მოიპოვეს

6-12 აპრილს ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადა EGMO 2022 ჩატარდა. წელს ოლიმპიადა უნგრეთის ქალაქ ეგერში გაიმართა, სადაც 57 გუნდი და 222 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს გოგონათა ნაკრების სახელით ვერცხლის მედალი მოიპოვა კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლემ თამარ ფეიქრიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – კესარია ჭელიძემ (კომაროვის სკოლა, XI კლასი).ინფორმაციას სკოლა პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების წევრები არიან: თამარ ფეიქრიშვილი, ლიზი კუჭავა (დაჯილდოვდა საპატიო სიგელით), ანა მახარაძე და კესარია ჭელიძე. გუნდის ლიდერები: ანა ონოფრიშვილი, ივანე გოქაძე.საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კომაროვის გამორჩეული კურსდამთავრებული ანა ონოფრიშვილია, რომელიც გოგონებს ოლიმპიადისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და ოლიმპიადის განმავლობაში ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

“კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს და მათემატიკის წრის პედაგოგს ნიკა სალიას გულთბილი მასპინძლობისთვის. ამჟამად ნიკა მათემატიკოსია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ალფრედ რენის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.2024 წელს EGMO-ს რიგით მეცამეტე ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან მათემატიკური ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ახალგაზრდა მათემატიკოსი ეწვევა საქართველოს” – აღნიშნულია სკოლა პანსიონ კომაროვის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები