პოეტის მოხატული სანათები – როდის ხდება დაცემა გაფრენა

პოეზია მისთვის ყველაზე რთული გზა და საპატიო სტატუსია. ფიქრობს, რომ პოეტი ყველასი და ამავე დროს, არავისი უნდა იყო. პოეტობა, მისთვის, პირველ რიგში, ცხოვრების წესია და შემდეგ უკვე წერა, ამიტომ ცდილობს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არასოდეს აცდეს. ასეთია რამდენიმე წინადადებით გამოხატული, ლაშა მარგიანის ვერბალური პორტრეტი, დანარჩენს უშუალოდ მისგან შევიტყობთ.

– ლაშა, თავიდანვე მინდა გკითხოთ: რას ნიშნავს თქვენთვის პოეტობა?

– ჩემთვის ეს საკუთარი დანიშნულების ძიებაა სამყაროში. ეს არის ყველაზე რთული გზა, რომლითაც შეიძლება ადამიანმა იაროს, ყველაზე მაღალი სტატუსია, რაც შეიძლება მქონდეს პირადად მე. ამის მიღმა ჩემთვის მხოლოდ ღმერთია. პოეტობაც სწორედ ღმერთთან ერთიერთზე ყოფნაა, ჯვარცმაა, რადგან ადამიანებს მუდამ სიმართლეს უნდა ეუბნებოდე, თვალებს უხელდე, ეს კი ძალიან მტკივნეულია. როგორც უნდა უსწრებდე დროს, ხელი მაინც გამუდმებით ეპოქის მაჯაზე უნდა გედოს, გრძნობდე პულსს იმ ეპოქისას, რომელშიც ცხოვრება გიწევს.

– რაზე და როგორ უნდა წერდეს პოეტი?

– უნდა წერდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ისე, რომ მის ნაწერებში საკუთარ თავს სხვებიც პოულობდნენ. პოეზია გამუდმებით იმას მახსენებს, რომ ადამიანი ვარ და სული მაქვს, რომ ჩემი სული რაღაცით მეტია ბუნებაში არსებულ სხვა სულებზე, უფრო სწორად, სხვა სულიერ არსებებზე, რა თქმა უნდა, ადამიანებს არ ვგულისხმობ. რადგან ასეა, რაღაც უფრო მეტისთვისაა ჩემი სიცოცხლეც, ვიდრე, უბრალოდ, სუნთქვა და გულისცემაა.

– ამგვარი დამოკიდებულება ცხოვრების გარკვეულ წესსაც გიყალიბებთ?

– დიახ, პოეტობა, პირველ რიგში, ცხოვრების წესია და შემდეგ წერა, თუკი ეს ორი რამ ერთმანეთს ცდება, უკვე იტყუები. როცა მეკითხებიან, როგორი ცხოვრება მინდა, ყოველთვის ვპასუხობ – შეუძლებელი! პოეტობა ისეთი ცხოვრებით ცხოვრებაა, როგორიც უბრალო მოკვდავისათვის შეუძლებელია. მე არ მახსოვს რომელი იყო ჩემი პირველი ლექსი, მაგრამ ლექსი, რომელიც საკუთარი თავივით შემიყვარდა იყო “VUELA”. არ ვიცი, რა შეცვალა ჩემში პოეზიამ, მჯერა, რომ ვარ უბრალო, მაგრამ არა ჩვეულებრივი. ვცდილობ ყველაფერში ნამდვილი ვიყო. პოეზიაზე მუდამ მახსენდება ფრანჩესკა ვუდმენის შავ-თეთრი, ტკივილით სავსე ფოტო, რომელზედაც შიშველი გოგონა ზის და თაბაშირის ნიღაბი სახის მაგივრად საშოზე აქვს აფარებული.

– სანამ კითხვას დაგისვამთ, მინდა თქვენი ერთი ლექსი შევახსენო მკითხველს:

ყველა სასწაული უკვე მომხდარია,

მაგრამ მე მაინც მინდა გავფრინდე. გაუძელი.

თვითონ გახდი ტკივილისთვის აუტანელი.

ირწმუნე, რომ სამყაროში ერთადერთი ხარ,

ვინც ყველაფერს უნდა გაუძლოს.

გაუძელი, რომ შენც გახდე

ჯვარზე გაკრული ქრისტესავით თავისუფალი.

ავდგები, რამდენჯერაც დავეცემი,

იმდენჯერ ავდგები მაინც,

სანამ არ ამოტრიალდება ყველაფერი

და დაცემა გაფრენა არ იქნება, ავდგები.

– ჩემი კითხვა ასეთია: როდის ხდება დაცემა – გაფრენა?

– დაცემა მაშინ ხდება გაფრენა, როცა ადამიანი ჯვარზე გაკრულ იესოს ემსგავსება, ან მის გვერდით იმ ჯვარცმულ ავაზაკს, რომელმაც სულ ბოლო წამს შეიცნო ღმერთი. როცა ჭეშმარიტად თავისუფლდები ამქვეყნიური ყველა ამაოებისა და სისულელეებისგან და ხვდები, რომელია მთავარი ნაბიჯი, რაც არასდროს გადაგიდგამს.

– ცალკე პოეზიაა თქვენს მიერ მოხატული ოთახის სანათები, რომელიც თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებში, ლექსებზე არანაკლები მოწონებით სარგებლობს. როდის გაგიჩნდათ ასეთი იდეა?

– ბავშვობიდან ხან ვხატავდი, ხან ვწერდი, ჯერ უფრო ვხატავდი, შემდეგ უფრო ვწერდი. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ხატვა ჩემი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა, ხოლო წერა ჩემი ცხოვრების აზრად, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. სამხატვრო აკადემიაში მინდოდა მესწავლა, მაგრამ არ გამოვიდა, ძალიან ბევრი პატარ-პატარა პრობლემის გამო, ძირითადად მიზეზი მაინც ის იყო, რომ საკმაოდ ვიწროდ და გაჭირვებულად ვცხოვრობდით, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა პოეზიაზე, ჩემი შთაგონების ყველაზე ძლიერი წყარო დღემდე ტკივილია…

 

– ვიცი, რომ თქვენი სანათების შეძენის ბევრი მსურველია, მოდი, მოგვიყევით, ტექნიკურად როგორ ხდება მათზე ხატვა?

– დიახ, შეძენის მსურველი ბევრია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არც ისე იაფი ღირს, სამწუხაროდ, მის ყიდვას ბევრი ვერ ახერხებს. გარშემო ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი ნივთების შეძენა, როგორიც ჩემი მოხატული სანათებია, ეს ძალიან მწყვეტს გულს. ვცდილობ, ყველა მყიდველს ინდივიდუალურად მივუდგე და ფასი მაქსიმალურად დავუკლო, თუკი ვხედავ, რომ მისი შეძენა ძალიან უნდა. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ჩემი სანათები გამიჩუქებია. უბრალოდ, იმდენ დროსა და იმხელა ენერგიას მოითხოვს თითოეული მათგანის მოხატვა, რომ ამის ხარჯზე რამდენიმე ლექსს დავწერდი…

– ყველაფრის თქმა გამოსავალია თუ შვება?

ეს არც გამოსავალი არ არის და არც შვება, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან გვინდა, რომ ერთ ადამიანს მაინც დაველაპარაკოთ ისე, როგორც საკუთარ თავს, ერთი ადამიანი მაინც გვხედავდეს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვართ. ჩემი ეს ლექსიც ამაზეა:

-ეს ლექსი ადამიანია,

განსაკუთრებით მათთვის,

ვისაც არც ცა ჰყოფნის და არც მიწა,

ვისაც ადამიანი სჭირდება.

ზოგჯერ, მინდა,

რომ ავდგე და ყველაფერი გითხრა.

რა მიჭირს…

რა მილხინს…

რა მაწუხებს…

მაგრამ სად წავა ის სიტყვები, რომელსაც გეტყვი,

შენს გულს სეტყვასავით დახვრეტს,

თუ წვიმასავით დაასველებს,

მერე აორთქლდება

და ისევ იმ ადგილს დაუბრუნდება,

საიდანაც გამოუშვეს.

არ ვიცი…

უბრალოდ, ზოგჯერ, მინდა,

რომ ავდგე და ყველაფერი გითხრა.“

– პოეტური კრებულის გამოცემის გარდა, რაზე ოცნებობს ლაშა მარგიანი?

ამ წუთას იმაზე, რომ მსოფლიოში ომი დამთავრდეს და აღარასდროს მოხდეს…

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები