„ნარდში ხელშეუხებლობის პრინციპი“ და განწყობის დიდოსტატი – ამბავი იპოლიტე ხვიჩიაზე

განუმეორებელი როლები და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული, სიცილისა და განწყობის დიდოსტატი, ბრწყინვალე კომიკოსი – იპოლიტე ხვიჩია. გამორჩეულ ისტორიებს ყვებიან მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,  მსახიობი, რომელთან ურთიერთობა და მუშაობა დიდი ბედნიერება იყო და ადამიანი, რომლის დანახვაზეც უბრალოდ ყველასთან მოდიოდა ღიმილი და კარგი განწყობა…

„ქართული კვირა“ გთავაზობთ იპოლიტე ხვიჩიას სახალისო წერილს, „ნარდში ხელშეუხებლობის პრინციპის შესახებ“ ცნობილია, რომ მსახიობს განსაკუთრებით უყვარდა ნარდის თამაში და ხშირად ჟურნალისტსა და პოეტს კირა კვეიძეს ეთამაშებოდა, თითქმის ყველა რაუნდი კი ჩხუბით მთავრდებოდა. და აი, ერთ მშვენიერ საღამოს მსახიობმა ეს ხელწერილი დაწერა:

„მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).

წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო. კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.

გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.

(მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).

არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.

ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.…ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.

რაზედაც ხელს ვაწერ, იპ.ხვიჩია 19.11.78 წელი,… ახლა კი ვარ თანახმა, მარა თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი იპო.”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები