ახლიდან ნაპოვნი ჰობი ოცნების ქალაქში და ექსკლუზიური სათამაშოებით გაფერადებული ახალი წელი

ამერიკაში მოღვაწე ხელოვანს თამარ (ტომა) შაიშმელაშვილს იდეა ნაძვის ხის სათამაშოები შეექმნა, ორი წლის წინ დაებადა, როდესაც როკფელერის ცენტრში ნიუ-იორკის მთავარი ნაძვის ხე მოინახულა. მას შემდეგ, საკუთარ შემოქმედებას საშობაო თემატიკაც შემატა.

შეკვეთები საოცარ ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებზე ზაფხულიდან იწყება… როგორც თვითონ ამბობს, ეს საქმიანობა უზარმაზარ ბედნიერებას ანიჭებს. ყველა მისი საახალწლო ნამუშევარი ექსკლუზიურია და არასდროს მეორდება.

ადრე ფიქრობდა, რომ ხელოვნება მისთვის ჰობი იყო, ემიგრაციაში კი პროფესიად იქცა. 2003 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ხელოვნების სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა და მრავალი საინტერესო ნამუშევარი შექმნა. ხატავს და ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს. უყვარს ტილოების შექმნა ტყავზე – პორტრეტები, ნატურმორტები, მოცეკვავე თოჯინები და კლოუნები – ამ ყველაფრის ძირითადი მასალა ნატურალური ტყავია, რომელსაც ახალ სიცოცხლეს სძენს. თამარ შაიშმელაშვილი 2018 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხატვართა ასოციაციის წევრია, ჰქონდა წარმატებული გამოფენები ნიუ-იორკში.

,,ხატვის და ხელოვნების სიყვარული მემკვიდრეობით მერგო ბიძისგან, რომელიც თვითნასწავლი მხატვარი იყო. მთელი ბავშვობა თოჯინების კაბებისა და აქსესუარების შექმნაში გავატარე. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში გამიტაცა კერვამ და ტანსაცმლის დიზაინმა. დავინტერესდი სამკაულების შექმნითაც. შემდეგ ოჯახი შევქმენი და როგორც ხდება ხოლმე ბანალურად, ჩემი გატაცებისთვის დრო აღარ დამრჩა… ემიგრაციაში ჰობმა თავი შემახსენა, ნელ-ნელა გასცდა სამეგობროს ფარგლებს და დავიწყე უფრო პროფესიონალურ სივრცეში ადაპტაცია…”- ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები