„ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“- კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

30 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში კონკურსის „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდნენ კალიგრაფები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან; კონკურსში ჩართულები იყვნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები (გერმანია, ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, თურქეთი).

კონკურსის წარმატებული მონაწილეები გახდნენ პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის “გაკვეთილები საზღვრების გარეშეს” მოსწავლეები. მონაწილეთა შორის იყვნენ ემიგრაციაში მცხოვრები ზრდასრულებიც, და სასიხარულოა, რომ ისინიც გამარჯვებულთა შორის არიან: თურქეთის რესპუბლიკაში ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლები: ქალბატონი მერი დიასამიძე და ბატონი სელამი გუმუში.კონკურსის მთავარი გამარჯვებული და „ვაჟას კალიგრაფის“ ტიტულის მქონე კი ხატია ფოფხაძე გახდა (გერმანიაში ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენელი)

მონაწილეთა კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, სადაც ამავე დროს, წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვაჟა-ფშაველას ავტოგრაფების ექსპოზიცია.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი თიკა სვანიძე ვენკო (ნიდერლანდების სამეფო). ორივე გამოფენის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია 17 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები