„საქართველო დაჭრილი მზეა, დაჭრილი, მაგრამ მაინც მზე“ – 28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა

1880 წლის 28 ოქტომბერს ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი – გრიგოლ რობაქიძე დაიბადა. ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი  ლიდერი, „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, სწორედ ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ გრიგოლ რობაქიძე ფაშისტად, კონტრრევოლუციონერად, მოღალატედ და მტრად გამოაცხადა. ის გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, 1935 წელს ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა. საბჭოთა კავშირში აიკრძალა მისი შემოქმედება და სახელის ხსენება. სპექტაკლ „ლამარას” პროგრამიდან წლების განმავლობაში ამოღებული იყო მისი – ავტორის სახელი. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე  გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური ემიგრანტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი აქვეყნებს ამონარიდს გრიგოლ რობაქიძის დის, ლიდა რობაქიძის წერილიდან, სადაც ლიდა რობაქიძე ძმის რეაბილიტაციას ითხოვს.

„დიდად პატივცემულო ამხანაგებო!
პირველი თხოვნა თქვენდამი მექნება, რომ ბოლომდე მოისმინოთ ჩემი მშფოთვარე ცხოვრების აღსარება. თქვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ორი წლის წინ გავბედე და თხოვნით მოგმართეთ ჩემ ძმასთან, გამოჩენილ ქართველ მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან დაკავშირებით, რომელიც 1962 წლის ნოემბერში შვეიცარიაში გარდაიცვალა. მეორედ გაწუხებთ ისევ აღნიშნული საკითხის გამო. გრიგოლ რობაქიძე სერგო ორჯონიკიძის თანხმობით 1932 წელს ევროპაში გაემგზავრა. ამ ფაქტიდან მალევე, საქართველოში ამიერკავკასიის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ხალხის მტერი ბერია, რომლის ბნელმა საქმიანობამ არაერთი ქართველი ინტელიგენტის ცხოვრება შეიწირა. ამ მრავალრიცხოვან მსხვერპლთა შორის იყვნენ: ელინისტი გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვა მრავალნი. ბერიას სისხლიან საქმიანობებში ეჭვი აღარავის ეპარება და მსოფლიოსთვისაც კარგად არის ცნობილი. ჩემს ძმამდეც მიდიოდა ცნობები, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში, რომ ჩემი ძმის უახლოესი მეგობრები, ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნებები, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ… ყველანი უკვე რეაბილიტირებულნი არიან, მათი ნაშრომები ყოველდღიურად გამოიცემა, რითაც ქართველები დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ. ასეთ ვითარებაში დღევანდელ დღემდე გადაუწყვეტელი რჩება მხოლოდ ჩემი ძმის საკითხი. გრიგოლ რობაქიძე, როგორც პორტრეტისტი მწერალი, ყოველთვის ინტერესდებოდა ისტორიულ სარბიელზე მოღვაწე პოლიტიკოსებით. ამით არის განპირობებული მისი პატარა სტატია სტალინზე, რომელშიც ის ნეგატიურად ახასიათებს მის პიროვნებას. რაც შეეხება სტატიებს ჰიტლერსა და მუსოლინზე, როგორც ჩემთვის სხვადასხვა წყაროებიდანაა ცნობილი, მათ ახასიათებს, როგორც დემონურ პიროვნებებს და საუბარი სიმპათიებსა და მათი პოლიტიკური შეხედულებების გაზიარებაზე, არის უდიდესი ტყუილი და ცილისწამება. ჩემი ძმა არ ყოფილა ძალადობისა და მკვლელობის მეხოტბე, ის სასულიერო პირის შვილი იყო და მისი ჰუმანიზმი კარგად არის ცნობილი ჩემს ქვეყანაში. გარდა ამისა, ასევე კარგად იციან, რომ გრიგოლ რობაქიძე თავისი ავტორიტეტით აღიარებდა არა სატანის თაყვანისმცემლებს (როგორებიც იყვნენ ფაშისტები), არამედ ქრისტიანებს, ნეტარ ავგუსტინეს. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა არასდროს ყოფილა გრიგოლ რობაქიძის რეაბილიტაციის წინააღმდეგი და რაღაც ზედმეტი სიფრთხილის გამო დღემდე ყოვნდება გრიგოლ რობაქიძის, როგორც მწერლისა და პოლიტიკურად უმწიკვლო ადამიანის დაბრუნება საკუთარ წიაღში. ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს მიერ პირადად ითქვას საბოლოო სიტყვა და შესაბამისი განკარგულება გაიცეს. ჩვენთვის სრულებით გასაგებია, რომ ერთი შეხედვით თქვენ ლიტერატურულ საქმეებში ჩარევა არ გევალებათ, მაგრამ ჩემი ძმის რეაბილიტაცია ნაწილობრივ პოლიტიკურ მხარესაც მოიცავს და ამის გამო ვბედავ, გთხოვოთ გამოიჩინოთ განსაკუთრებული გულისხმიერება და მიიღოთ ზომები უახლოეს ვადებში, რადგან ეს საქმე უკვე დაუსრულებლად იწელება. მომეცით საშუალება, რომ მე, დაბეჩავებულ ქართველ ქალს, რომელიც ძმის სიმართლეზე ზრუნავს, თქვენი კეთილშობილური საქციელის შემდგომ გულითადად გადაგიხადოთ მადლობა. ღრმად დაიმედებული, შორიდან გამოვხატავ თქვენდამი უსაზღვრო მოწიწებასა და მადლიერებას“

ლიდა რობაქიძე 18 იანვარი, 1967 წელი

ამ წერილს შედეგად რა მოჰყვა, უცნობია…
მეოცე საუკუნის სამოციან წლებში გადაწყვეტილი იყო გრიგოლ რობაქიძის წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი მწერლის გარდაცვალებამ შეუშალა…

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები