Better Call Cattleya – თუ შენი საოცნებო მცენარე ვერსად ნახე

თბილისში, ბელიაშვილის N96-ში მცენარეების მოყვარული ადამიანები ძალიან საინტერესო სივრცეს შეხვდებით – უამრავი იშვიათი მცენარით სავსეს. ეს „კატლეიაა“. კომპანიის სახელი – რომელიც, ამასთანავე, ორქიდეის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის სახელიცაა – მის კონცეფციას ზუსტად გამოხატავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში თქვენთვის სასურველი მცენარე ვერ იშოვეთ, ჯობს, ის „კატლეიაში“ მოძებნოთ.

კომპანიამ ფუნქციონირება 2020 წლის მაისიდან დაიწყო. მართალია, „კატლეიას“ ნიშა მომხმარებლებისთვის იშვიათი და რთულად საშოვნი მცენარეების შეთავაზებაა, თუმცა აქ პოპულარულ მცენარეებსაც აღმოაჩენთ. გარდა ამისა, კომპანიაში სხვა საინტერესო სერვისების მიღებასაც შეძლებთ.

„კატლეია“ 7 ადამიანისაგან შედგება. მისი დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გოგიშვილია, რომელიც „ქართულ კვირას“ კომპანიის მომსახურების სპეციფიკაზე და იმ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საკმაოდ ამბიციურად ჟღერს.

(ნიკა გოგიშვილი)– ჩვენ მომხმარებლებს იშვიათი და უნიკალური ჯიშების მცენარეებს ვთავაზობთ, რომელთა შორის ძალიან ბევრი საკოლექციოა. ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან მომხმარებლები, რომლებიც მცენარის კონკრეტულ ჯიშს ძალიან დიდხანს ეძებდნენ, თუმცა საქართველოში ვერ ნახეს, რადგან ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ შემოგვაქვს. უამრავი ჯიშის მცენარე გვაქვს, მათ შორის, საქართველოში პოპულარული და მოთხოვნადი, მაგრამ მაინც ვცდილობთ, იშვიათი ჯიშებით გამოვირჩეოდეთ.

-რა პროცესებთანაა დაკავშირებული მსგავსი მცენარეების შემოტანა და როგორია მათი ხარისხი?

-ჩვენი წარმომადგენელი ჰოლანდიაში არსებულ სათბურებს უკავშირდება და უნიკალურ ჯიშებს ეძებს. ასე რომ, მებაღეებთან უშუალო კონტაქტი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მცენარე ინდივიდუალურია ისევე, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი, თავად ჩვენი მომხმარებლები ამბობენ, რომ „კატლეიას“ პროდუქცია, სხვასთან შედარებით, გაცილებით ხარისხიანია. კლიენტი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჩვენთან შეძენილი მცენარე აუცილებლად გაიხარებს, თუ, რა თქმა უნდა,სათანადოდ და კარგად მოუვლის.

-რა ტიპის მცენარეების შეძენა შეუძლიათ თქვენთან მომხმარებლებს?

-ჩვენი ძირითადი მიმართულება სახლის დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ ასორტიმენტში გარე მცენარეებიც გვაქვს. იშვიათი მცენარეები, ძირითადად, სახლისაა, ვინაიდან ჩვენს კლიმატზე არ არიან მორგებულნი და გარეთ ისინი, უბრალოდ, ვერ გაძლებენ. საუბარია ტროპიკულ, მაგალითად: აფრიკულ, სამხრეთ ამერიკულ და ტაილანდურ მცენარეებზე. ისინი კლიმატურ ცვლილებებს ძნელად ეგუებიან, ამიტომ მათი სახლის პირობებში მოთავსება აუცილებელია.

-გაქვთ თუ არა მიწოდების სერვისი ან მცენარეების გაყიდვის გარდა, სხვა სახის მომსახურება?

-ჩვენს კომპანიას ბევრი სხვადასხვა სერვისი აქვს, რომელიც მცენარეებს ეხება. მომსახურების მრავალფეროვნება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა იმისა, რომ მცენარეების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველვყოფთ, მომხმარებლებს მოვლის სერვისსაც ვთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე, ფართომასშტაბური. ჩვენ მოგვმართავენ კომპანიები, რომელთა მცენარეებსაც პერიოდულად ვუვლით და ადგილზე სხვადასხვა დახმარებას ვუწევთ. ასევე, გვაქვს მცენარეების დატოვების სერვისი, ე.წ. მცენარეების სასტუმრო – იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ადამიანი დასასვენებლად მიდის, მის მცენარეებს ჩვენ ვიტოვებთ და ვუვლით, სანამ პატრონი წაიღებს. ამასთან, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მცენარეების გადარგვის, ასევე, მათი რეაბილიტაციის სერვისს. ვაკეთებთ ინტერიერის დიზანსა და ვერტიკალურ გამწვანებასაც. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენ მიერ გაკეთებული ნიადაგი, რომელიც იდეალურადაა მორგებული დეკორატიულ მცენარეებზე.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეების შემოტანას გეგმავთ კომპანიაში?

-ჩვენ ყოველთვის განვითარებაზე ვფიქრობთ. „კატლეიას“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საქართველოში ვერტიკალური გამწვანების აქტიურად შემოღებაა. თბილისში, ავლაბრის მეტროსთან, ალბათ, გვახსოვს ძალიან ლამაზი ვერტიკალური გამწვანება, რომელიც ახლა უკვე გამხმარია. გვინდა, რომ მსგავსი სილამაზე, როგორც კულტურა, ისე შემოვიტანოთ. ვერტიკალურ გამწვანებას ჩვენ მიერ აწყობილი სისტემით ვაკეთებთ, რაც ძალიან ლამაზი და უნიკალური გამოდის. მართალია, ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ჩვენ გვაქვს როგორც დამზადების, ასევე, მისი შემდგომი მოვლის გამოცდილება.

რაც შეეხება სხვა ტიპის გეგმებს, უახლოეს მომავალში გაფართოებას და მარჯანიშვილზე ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები