ეროვნული ბიბლიოთეკა აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსის წევრი გახდა

აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსი 2018 წელს, ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში, ქალაქ ჩენგდუში, საბიბლიოთეკო კონფერენციაზე შეიქმნა. დღეისათვის აბრეშუმის გზის საბიბლიოთეკო ალიანსის წევრი  რეგიონის 30-მდე ბიბლიოთეკაა, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებიც: ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ინდონეზიის, ყატარის, ტაილანდის, ჩეხეთის,   პოლონეთისა და სხვა. წელს მათ რიცხვს მომავალი თანამშრომლობისთვის საქართველოც შეუერთდა – ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსთან თანამშრომლობა პირველად 2019 წელს, გიორგი კეკელიძის ჩინეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა, თუმცა, მიმდინარე მოვლენების შედეგად, მხოლოდ წელს განხორციელდა. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის ხელშეწყობისთვის.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციისა და ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების გაერთიანების წევრიც არის.  აქ ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას  ჩვენი თანამშრომელი მაია სიმონიშვილი წარმოადგენს. საერთაშორისო ჩართულობა, განსაკუთრებით, პანდემიურ რეალობაში, საბიბლიოთეკო სფეროსთვისა და მომავალი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ პროფესიული სიახლეებისთვის, რომლებიც პანდემიის შემდგომ პერიოდში სულ უფრო აქტუალური გახდება “, -აღნიშნავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

2 სექტემბერს ალიანსის  პირველი  საერთაშორისო კონფერენცია ვირტუალურად ჩატარდა, ალიანსმა  მოამზადა მანიფესტი, რომელიც ფორუმისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, კულტურის სფეროში, ბიბლიოთეკებისა და წიგნის პროფესიონალთა თანამშრომლობის სხვადასხვა გზებს მოიაზრებს – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები