სოფიო სურმავა და კომპანია „ოლიმპიო“ – ვინ ქმნის ყველაზე საჭირო, ქართულ პროდუქტს

ყველამ სხვადასხვაგვარად უპასუხა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კოვიდ-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო დააყენა. არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ყოველდღიურობაც შეიცვალა. ზოგმა ვერ შეძლო გარკვეული ბარიერების გადალახვა და დანებდა, ზოგმა კი, განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და საზოგადოებას ის შესთავაზა, რაც ამ დროს ყველაზე მეტად გახდა საჭირო.

სასიამოვნოა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენთანაც არიან, საქართველოში…

დღეს, როცა ანტიბაქტერიული და ჰიგიენური საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სოფიო სურმავამ კომპანია „ოლიმპიო“ დააფუძნა, რომელიც მომხმარებელს სწორედ ანტიბაქტერიულ, ჰიგიენურ საშუალებებს სთავაზობს. სოფიოს აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი ბიზნესიდეა და შესაბამისად ბიზნესიც, პანდემიის დროს შეიქმნა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია კი, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამაყობს, რომ ქართულ პროდუქტს ქმნის, რომლის ხარისხიც შესაბამისი სერტიფიკატებითაა აღაირებული.

როგორც თავად ამბობს, ის, პირველ რიგში, დიასახლისია, რომელიც დაინტერესებულია, თუ რომელი ჰიგიენური საშუალებაა სანდო და ეფექტური. როგორც ქალი მეწარმე, სოფიო ცდილობს, ამ შეკითხვაზე საუკეთესო პასუხი თავადვე გასცეს…

-როგორ დაიბადა კომპანიის შექმნის იდეა და რა დრო დაგჭირდათ ამ იდეის განსახორციელებად?

-კომპანიის შექმნის იდეა, ბუნებრივია, პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა, ამ ეტაპამდე მოსასვლელად კი, სულ 10 დღე დაგვჭირდა. 10 დღის განმავლობაში, ქარხნის მოსაწყობად აქტიურად ვმუშაობდით და ვაგრძელებთ მუშაობას. ავაწყეთ დანადგარები, მოვიძიეთ ნედლეული, შევქმენით ეტიკეტი და გავაკეთეთ სხვა ყველაფერი, რაც საჭირო იყო.

-დღეის მდგომარეობით, რამდენი სახის პროდუქციას აწარმოებთ?

-დღესდღეობით, „ოლიმპიო“ აწარმოებს 2 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირის და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, ანტისეფტიკს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას.

– რა არის  კომპანიის ძლიერი მხარე?

– კომპანიის მთავარი ძლიერი მხარე ისაა, რომ ჩვენი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს და გვაქვს სხვადასხვა სახის ხარისხის სერთიფიკატი. ვთვლით, რომ „ოლიმპიო“ სისუფთავის სფეროში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი კომპანიაა, თანაც არამარტო საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახლახან შეიქმნა, ჩვენი ჯგუფი ამ სფეროში ძალიან გამოცდილი და კვალიფიციურია. ჩვენ ვიცით, როგორი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მომხმარებლებს. ამ ეტაპზე საბითუმო ხაზის ვაჭრობაზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა საცალო ბაზრის ათვისებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

-რატომ უნდა შევიძინოთ აღნიშნული პროდუქცია?

-ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ნაწარმის ხარისხზე. ამაზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ჩვენი ნაწარმის შესახებ მომხმარებლების აზრს ფართო საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქართული წარმოების ჰიგიენური საშუალებები ამაზე ხარისხიანი არასდროს ყოფილა.

-რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი ბიზნესი და რა პასუხისმგებლობებს გრძნობთ ამ სფეროში, როგორც მმართველი?

-რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა, გქონდეს ბიზნესი, თან ისეთი, რომელიც ყოველდღიურად ახალი ნაწარმის დამზადებას გულისხმობს. ამ ყველაფერს ხარისხის კონტროლი სჭირდება, რადგან ჩვენ არ გვსურს, რომ ერთი სახეობის, ერთი ნაწარმიც კი ჩვენ მიერ დაწესებულ ხარისხის თამასას ჩამოუვარდებოდეს.

-რამდენად რთულია ბიზნესის მართვა?

-რთულია, თუმცა ვთვლი, რომ ჯერჯერობით საბა და მე კარგად ვართმევთ თავს. ძალიან ბევრი წვრილმანია და თუ თითოეულ მათგანს შესაბამის ყურადღებას მიაქცევ, ყველაფერი ძალიან მარტივდება.

-თქვენი აზრით, როგორია წარმატებული ბიზნესი?

-ჩვენთვის წარმატებული ბიზნესი მომხმარებლების სიმპათიას ნიშნავს. თუ ადამიანები ჩვენი ნაწარმით კმაყოფილნი იქნებიან, ჩვენი ბიზნესიც წარმატებული იქნება.

-რამდენად ხართ ჩართული უშუალოდ პროდუქციის შექმნის პროცესში?

-პროდუქციის შექმნის პროცესში ყველა ჩვენგანი თავიდან ბოლომდე ჩართულნი ვართ და პასუხისმგებლობებს ვინაწილებთ.

– რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული კომპანიაში?

-ამ ეტაპზე არ ვართ ბევრი, რადგან კომპანია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მალე გავფართოვდებით და შევძლებთ,  ადამიანების დასაქმებას.

-რთულია, იყო ქალი მეწარმე?

-ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან გამომდინარე, სირთულეებს მარტივად ვუმკლავდები. „ოლიმპიოს“ მართვა რთულია, სწორედ ამიტომ ვთხოვე დახმარება საკუთარ შვილს, საბას. პირადად მე საქმისადმი სიყვარული ყველა სირთულესთან გამკლავებაში მეხმარება.

-რას ნიშნავს თქვენთვის „ოლიმპიო“ და რას უსურვებდით საკუთარ კომპანიას?

-ამ ეტაპზე „ოლიმპიო“ არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, რომ ქართული ბიზნესის განვითარებაში ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართულნი. ჩვენ კომპანიას კი ვუსურვებ, რომ ძალიან მალე მიეღწიოს დასახული მიზნებისთვის. ეს აუცილებლად მოხდება, უბრალოდ, დროის საკითხია.

-რა სამომავლო გეგმები გაქვთ უახლოესი ერთი წლის მანძილზე?

– სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის სალამი, დიახ, სალამი ქართველ მეწარეებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გავუგზავნით ჩვენი კომპანიის პროდუქციის სასაჩუქრე ნაკრებს, რათა შეფასებები მათგან მოვისმინო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები