სამშენებლო ბაზარზე მულტიფუნქციური კომპანია „ვესკო“ გამოჩნდა

ქართულ სამშენებლო ბაზარზე სულ მალე ძალიან აქტიურად გამოჩნდება ახალი კომპანია, რომელიც საკუთარი, განსხვავებული ნიშის დაკავებას შეეცდება. საზოგადოებაც, ალბათ, მალე გაიგებს კომპანია „ვესკოს“ სახელს და იმ საინტერესო შეთავაზებებს, რომლებიც კომპანიის გამოცდილ გუნდს ყველასაგან გამოარჩევს.

და მაინც, რა არის „ვესკო“?!

სიმართლე გითხრათ, ერთი სიტყვით აღწერა გაგვიჭირდა. ის არ არის სტანდარტული სამშენებლო კომპანია, არც სარემონტო, არც მასალების შემომტანი ან მწარმოებელი, არც მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სპეციალიზდება… ეს ყველაფერი, სხვა დანარჩენთან ერთად, მისი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაა. ამიტომ, ყველაზე უკეთ „ვესკოს“ ტერმინი „მულტიფუცნქციური“ დაახასიათებს, რადგან ეს არის კომპანია,  სადაც თავს ყველაფერი იყრის. ყველაფერი, რაც მშენებლობას და უსაფრთხოებას უკავშირდება.

„ვესკო“ თურქებისა და ქართველების თანამშრომლობით შეიქმნა. მართალია, სულ 2 თვისაა, თუმცა მისი გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც თურქეთის ბაზარზე 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვეს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ბესო აბაშიძე გვიყვება, „ვესკოს“ გუნდმა საქართველოში პროექტების განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო. შემდეგ უკვე კომპანია დააარსეს და მათ საქმიან ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

-რატომ გადაწყვიტეთ „ვესკოს“ დაფუძნება და თქვენი საქმიანობის ამ მიმართულებით გაგრძელება?

-ქართულ რეალობაში ვერ მოვიძიეთ კომპანია, რომელსაც შეგიძლია მიმართო და მშენებლობა ზუსტად ისე და იმ ეტაპიდან განახორციელო, როგორც თავად გსურს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მშენებლობისთვის და მისი შემდგომი პროცესისთვის საჭირო ყველა დეტალისთვის ერთად მოგვეყარა თავი მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისი შეგვეთავაზებინა. იქნება ეს კერძო სახლი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სასტუმრო, კლინიკა თუ ნებისმიერი დანიშნულების პრემიუმ კლასის ობიექტი.

-რას გულისხმობს პრემიუმ კლასის ობიექტი? ის განკუთვნილია მაღალი გადახდისუნარიანი ადამიანებისთვის თუ პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, მაინც ხელმისაწვდომია?

-ჩვენი გუნდი გამოცდილია პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შექმნასა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში. ჩვენი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია თურქულია, რომელსაც აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და ისევე, როგორც ჩვენს მომსახურებზე, მასზეც გარანტია ვრცელდება. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, უფრო ბიუჯეტური პროდუქცია შევთავაზოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს დაბალი ხარისხის პროდუქტს. საუბარია მხოლოდ კარგზე და საუკეთესოზე.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, დაგვიკვეთოს იმ კონკრეტული ფირმის პროდუქტი, რომელიც მას სურს. შესაძლოა, ეს იყოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, რომლებიც მათ წინასწარ შეარჩიეს. პირობითად, ვიღაცას უნდა, რომ საკუთარი ეზო „ფილიპსის“ მიერ წარმოებული ნათურებით გაანათოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას უზრუნველვყოფთ.

-კონკრეტულად, რა მომსახურებას სთავაზობს „ვესკო“ მომხმარებლებს?

-ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ და თავად ვასრულებთ ბოლომდე. ვქმნით პროექტს, რაც, თავის მხრივ, ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს: არქიტექტურას, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, ქსელების განაწილებას – ელექტროობას; წყალს; კანალიზაციას; ვენტილაციას; გათბობის, გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. ყველაფერს, რაც კარკასს შიგნით უნდა მოეწყოს. ეს ძალიან რთული პროცესია და არსებული დიზაინის მიხედვით იგეგმება. მოკლედ, ყველაფერს თავად ვაკეთებთ, ბინის გარემონტებიდან დაწყებული, დამაფონებისა და სათვალთვალო კამერების დაყენებით დამთავრებული.

სხვათა შორის, ჩვენს შეთავაზებაში შედის ბინისთვის თუ სხვა ობიექტისათვის საჭირო ავეჯიც, რომელსაც უმაღლესი ხარისხის მასალისგან აწარმოებს ჩვენი პარტნიორი კომპანია „ვოლარტი“. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „რადისონ ბლუ ივერიასა“ და სხვა მაღალი კლასის, ცნობილი დაწესებულებების ოთახებსა თუ ღია სივრცეებში არსებული ავეჯი და დეკორი მთლიანად „ვოლარტის“ წარმოებულია. ამას გარდა, ამ კუთხით, გვყავს კიდევ 2 პარტნიორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს შედარებით დაბალ ფასს, თუმცა საკმაოდ მაღალ ხარისხს სთავაზობს.

-თქვენს პროექტებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უსაფრთხოებას, კერძოდ კი, სახანძრო უსაფრთხოებას. რით აღწევს „ვესკო“ უსაფრთხოების მაღალ დონეს და რა არის განსაკუთრებული თქვენს მომსახურებასა და პროდუქტში?

-ეტაპობრივად გავყვეთ და ცეცხლგამძლე კარებით დავიწყოთ. ისინი განთავსებულია არა მხოლოდ მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში, არამედ უშუალოდ ბინებშიც. ძირითადად, ხანძრისას ადამიანის გარდაცვალებას არა ცეცხლი, არამედ კვამლი იწვევს, ამიტომ ოთახების კარებიც ცეცხლგამძლეა (30 წუთიდან 120 წუთამდე – გააჩნია დამკვეთის მოთხოვნას).

უსაფრთხოა სადარბაზოც. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ კიბის უჯრედი, რომელშიც კარია დამონტაჟებული. კიბის უჯრედიდან ან ლიფტის მხარეს გავდივართ ან გამოვდივართ კორიდორში, სადაც ბინებში შემსვლელი კარებია. ჩვენს სისტემაში კიბის უჯრედი იზოლირებულია. თუ ხანძარი ხდება, ადამიანმა სწორედ ამ უჯრედში უნდა შეაფაროს თავი. აქ კარი ავტომატურად იკეტება და მინიმუმ, 120 წუთით ეს ადგილი აბსოლუტურად დაცული ხდება. ირთვება დიდი ვენტილატორები, რომელთაც კვამლი ავტომატურად გააქვთ გარეთ, მეორე სისტემას კი, შიგნით სიფთა ჰაერი შემოაქვს. ხანძრის შემთხვევაში, ამ ტიპის სადარბაზოში ყოფნა ლეტალურ შედეგს, ფაქტობრივად, გამორიცხავს.

რაც შეეხება ჩვენს ლიფტებს, მათ H კლასის სერტიფიკატი აქვთ. ისინი გამოიყენება არა მხოლოდ თურქეთში, არამედ გერმანიაში და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში. ლიფტები ხანძარსაწინააღმდეგო ელემენტებითაა აღჭურვილი. შახტში, ყველა სართულზე ყენდება სენსორები, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში აფიქსირებენ, თუ რომელ სართულზეა ხანძარი და საიდან ხდება დაკვამლიანება. ვითარების შეფასების შემდეგ ლიფტს მგზავრი უახლოეს უსაფრთხო წერტილამდე მიჰყავს და კარიც შესაბამის სართულზე იხსნება. ჩვენი ლიფტის მონტაჟი შახტის დაწნეხვის სისტემასაც მოიცავს, რაც დაკვამლიანებას უშლის ხელს. ზოგადად, ჩვენი ლიფტების კარი კვამლსა და ცეცხლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ატარებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი და კვამლი შახტში ხვდება, ისევ აღნიშნული სისტემა აქტიურდება – კვამლი გარეთ გააქვს და შემოაქვს სუფთა ჰაერი. ლიფტს კი, როგორც გითხარით, მგზავრი უახლოეს უსაფრთხო წერტილამდე მიჰყავს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული კარი, რომელიც ჩვენს საწარმოში მზადდება, ცეცხლგამძლეობაზე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. ჩვენი გვინდა, რომ სწორედ ასეთი უსაფრთხო ლიფტები შემოვიტანოთ ქართულ რეალობაში.

გარდა კარებისა, ცეცხლგამძლეა ჩვენ მიერ აშენებული შენობების ფასადებიც.

-ვინ გაწვდით სამშენებლო მასალებს და თუ შეგიძლიათ, უფრო ვრცლად მოგვიყვეთ მისი ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ?

-ჩვენ ვთანამშრომლობთ თურქულ კომპანიებთან, რომლებიც პროდუქციას განსაკუთრებულ ფასად გვაწვდიან. ჩვენი პარტნიორების გამოცდილებისა და კონტაქტების გათვალისწინებით, ყველა მწარმოებელთან ექსკლუზიური პირობები გვაქვს.

ჩვენთან სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ფასადების მრავალფეროვანი არჩევანია. რაც შეეხება საღებავს, ეს გახლავთ ყოფილი „მარშალისა“ და ახლა უკვე „ჰულერის“ საღებავი, რომელიც ქართულ რეალობაში არსებულ საღებავებს ძალიან მაღალ კონკურენციას გაუწევს. ბუნებრივია, საღებავები განსხვავებულია.

მნიშვნელოვანია, რომ შენობების მთლიანი ფასადი ენერგოეფექტური მასალებით მზადდება, რაც ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებს. შედეგად, ნაკლები ენერგია იხარჯება და კომუნალური გადასახადები საგრძნობლად მცირდება.

-უშუალოდ შენობების, ამ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინების აშენებისა და მოწყობის გარდა, მუშაობთ თუ არა მათი მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად ათვისებაზე?

-რა თქმა უნდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ლანდშაფტური დიზაინია. ამ კუთხით, „ვესკოში“ ძალიან მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. ეზოს მოწყობა, მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, განათებები, გაზონისა და ხე-მცენარეების შერჩევა… ამ ყველაფერს სპეციფიკური დაგეგმვა სჭირდება.

-მუშაობთ თუ არა „ჭკვიანი სახლის“ მიმართულებით?

-დიახ, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი – ქართული კომპანია „ტრიქსი“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ. საუბარი არ ეხება მხოლოდ საცხოვრებელი სახლების „დაჭკვიანებას“. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი ობიექტის აღჭურვა შესაძლებელია. ამაში შედის ქსელური უზრუნველყოფა, ოთახებისა თუ შენობების მართვის სისტემები და ა.შ.

სხვათა შორის, გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი – ღია სივრცეში ხანძრის ამომცნობი სისტემა – რომელსაც საზოგადოებამდე მალე მივიტანთ. ეს სისტემა ხანძარს 60-70 კილომეტრის მანძილზე აფიქსირებს. კონკრეტული ლოკაციის აღმოჩენის შემდეგ ის ავტომატურად გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სახანძრო სამსახურს და ზუსტ კოორდინატებსაც აწვდის. ამასთან ერთად, ამ ტექნოლოგიას შეუძლია, სახანძრო სამსახურს ინფორმაცია იმის შესახებაც მიაწოდოს, არის თუა რა ხანძრის ადგილამდე მისასვლელი გზა და რომელი უფრო ოპტიმალური იქნება: სახანძრო მანქანით თუ სახანძრო ვერტმფრენით მისვლა. ეს დროის დანაკარგს მაქსიმალურად ამცირებს.

ამ სისტემის დასაყენებლად ნებისმიერი მსურველს შეუძლია, მოგვმართოს, თუმცა განსაკუთრებით საჭირო ის მაინც სოფლის მეურნეობის სფეროშია. მათთვის, ვისაც დიდ ტერიტორიაზე ხორბალი, ხეხილი ან სხვა რამ აქვთ დათესილი. ასეთ ადგილებში ხანძარი საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. გარდა ამისა, გვინდა აღნიშნული ტექნლოგია სახელმწიფოსაც შევთავაზოთ, ტყეში ხანძრის პრევენციის კუთხით.

ამ და სხვა საინტერესო, მაღალტექნოლოგიური შეთავაზებების გარდა, გვაქვს თანამედროვე, პოპულარული პროდუქტები, მათ შორის, მზის პანელები, რომელთაც საზოგადოებას მალე დეტალურად წარვუდგენთ.

-რა არის თქვენი მიზანი და როგორია „ვესკოს“ სამომავლო გეგმები?

-ჩვენი საქმიანობის გააქტიურების გარდა, სამომავლოდ გვინდა, მთელი დასახლება შევქმნათ. ქალაქში ამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ შევეცდებით, ქალაქგარეთ გამოვნახოთ შესაბამისი ადგილი.

ასევე, გვინდა გადავამზადოთ ქართველი სპეციალისტები, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მომსახურების იმპორტზე და თავად შევქმნათ ხარისხიანი მომსახურება. ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს რთულად მიღწევადია, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქნებიან ადამიანები, რომელთაც ამის სურვილი ექნებათ.

რაც შეეხება მიზანს, ის ერთია – როდესაც მომხმარებელი ჩვენთან მოვა, სწორედ იმ ეტაპიდან უნდა შევძლოთ საქმეში ჩართვა, რა ეტაპზეც იქნება სამუშაო პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შევძლოთ დაწყებული საქმის გაგრძელებაც და ყველაფრის ნულიდან დაწყებაც. გვინდა, რომ მომხმარებლის ნებისმიერი სურვილი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, თანაც, რაც მთავარია, სწრაფად და ხარისხიანად. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები