საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები დასრულდა. გამარჯვებულები სამინისტროში გამართულ საკონკურსო კომისიის სხდომაზე გამოვლინდნენ.

კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები,  „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, შემოსული 83 პროექტიდან გამოავლინა 22 გამარჯვებული, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 60 განაცხადიდან გამოავლინა 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 40 განაცხადიდან –  22 გამარჯვებული.

საკონკურსო კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ  როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. კომისიის წევრებმა, ასევე, შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები, პროგრამების აღწერილობა და შესაბამისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.

დიასპორული პროგრამები მიზნად ისახავენ, ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით,  აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები