რუმინეთის პანგერაცის მონასტერში იონა გედევანიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მოლდოვისა და ბუკოვინის სამიტროპოლიტოს ხელშეწყობით, რუმინეთის ნეამცის ოლქის პანგერაცის მონასტერში XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ქართველი მიტროპოლიტის, მწერლისა და მოგზაურის,  იონა გედევანიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. იგი 1790-1792 წლებში ამ მონასტრის წინამძღვარი გახლდათ.

მემორიალი გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და იაშის არქიეპისკოპოსმა და მოლდოვისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა თეოფანემ.

ამავე დღეს, რუმინელმა და ქართველმა სასულიერო პირებმა გადაიხადეს იონა გედევანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

იონა გედევანიშვილი 1737 წელს დაიბადა. აღიზარდა  კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის კარზე. 16 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. 1764 წელს იყო მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტი, ხოლო 1775-1780 წლებში მროველი მიტროპოლიტი.  სამეფო კართან პირადი კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

იმოგზაურა კონსტანტინოპოლში, ათონის მთაზე, იერუსალიმში, სინას მთაზე, ალექსანდრიაში, საბერძნეთის კუნძულებზე, ვენეციაში, ვენაში. 1790-1793 წლებში ცხოვრობდა ისტორიული მოლდოვის რეგიონში, სადაც ორი წლის განმავლობაში   წინამძღოლობდა პანგერაცის მონასტერს. ეს მამული აძლევდა ოთხას რუბლს, პურს, ქერს, ოთხიათას კოდ სიმინდს და სხვა. იქიდან წამოსვლის წინ ეს ყველაფერი მონასტერს უანგაროდ დაუტოვა. გარდაიცვალა 1821 წელს, მოსკოვში და იქვე დაიკრძალა.

მან თავისი მოგზაურობანი აღწერა მოგონებებში, რომელიც “მიმოსვლის” სახელითაა ცნობილი. “მიმოსვლაში” გადმოცემულია მნიშვნელოვანი ცნობები XVIII საუკუნის მიწურულის რუმინეთის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და გეოგრაფიის შესახებ, რომელიც დღემდე ფასდაუდებელ სამსახურს უწევს რუმინეთის ისტორიის მკვლევარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები