კიკნაძეების ოჯახი – ცხოვრება კადრს მიღმა

„ქართული კვირის“ მკითხველმა და-ძმა კიკნაძეების შესახებ უკვე შეიტყო და მათი შეყვარებაც მოასწრო. თავიანთი ცეკვით, ახალგაზრდები საკმაოდ პოპულარულები გახდნენ და ფართო საზოგადოების ინტერესიც დაიმსახურეს. სწორედ ამიტომ, დღეს გვინდა, კიკნაძეები კიდევ უფრო ახლოდან გაგაცნოთ და მათ თბილ ოჯახზეც მოგიყვეთ.

ოჯახში 5 შვილია. პირველი მათგანი და ყველაზე უფროსი 30 წლის რევია, რომელიც დაოჯახებულია და საბანკო სფეროშია დასაქმებული შემდეგ მოდის 19 წლის ელისაბედი, 16 წლის ოკა, 14 წლის ნიკოლოზი და ბოლოს, 12 წლის ანდრია. ოკა მამასთან ერთად კვიპროსშია, კერძოდ, ნიქოზიაში, სადაც მამა მუშაობს, ხოლო შვილი ამერიკულ აკადემიაში სწავლობს. ცეკვას ასე აქტიურად ნიკოლოზი, ელისაბედი და ანდრია დაუკავშირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს გზა აირჩიეს, სხვა ინტერესებიც აქვთ. სწორედ ამ ინტერესების გამოვლენასა და შემდგომ მათი მიზნების რეალიზების ხელშეწყობაში ხედავს საკუთარ ფუნქციას კიკნაძეების დედა, მარინა შალიბაშვილი.

რამდენად რთულია ამხელა ოჯახის გაძღოლა:  სამსახური, სახლის საქმეები, ბავშვები 

მეტ-ნაკლებად ყველა დამოუკიდებელია. საკმაოდ დიდები და ყურადღებიანები არიან, ამიტომ ერთმანეთზეც ზრუნავენ და ცდილობენ, მეც შემიმსუბუქონ საქმეები. სამსახურის შემდეგ მთელ დროს მათთან ერთად ვატარებ.

-როგორია ერთ ჩვეულებრივი დღე თქვენს ოჯახში?

-მე, ძირითადად, დილიდანვე მათთან ვტრიალებ. პედაგოგი ვარ და ახლა არდადეგები მაქვს. შემდეგ მთელი ყურადღება ცეკვისაკენ გადაგვაქვს და ბავშვები სტუდიაში მიდიან. მართალია, არდადეგებია, მაგრამ ცეკვა ერთი დღითაც არ შეგვიწვყვიტავს.

როგორ გადაწყვიტეთ ჯერ ელისაბედის, ხოლო შემდეგ უკვე ბიჭების მიყვანა ცეკვაზე?

-ელისაბედის ცეკვაზე შესვლის მიზანი სასიამოვნო გარემოში ყოფნა და თანატოლებთან ხალისიანი ურთიერთობის დამყარება იყო. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მისი სურვილიც გახლდათ. ბიჭების ცეკვაზე შეყვანა, ჩემსა და ჩემს მეუღლესთან ერთად, ელისაბედსაც ძალიან უნდოდა. გარდა იმისა, რომ ცეკვა უყვარდა, უნდოდა, ბიჭებიც მასთან ყოფილიყვნენ. ელისაბედმა და ნიკოლოზმა სუხიშვილების სტუდიაში 7 წლიდან დაიწყეს სიარული, ხოლო ანდრიამ – 5 წლიდან. ცეკვა სამივეს ძალიან უყვარს, ეს სიყვარული კი, სწორედ მათი პედაგოგებისგან მოდის.

ბავშვები საკმაოდ პოპულარულები არიან ინტერნეტ სივრცეში. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?

-ვაკვირდები, რომ მათი ვიდეოები ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს მეც ძალიან მახარებს და ბავშვებსაც. ყოველთვის აინტერესებთ, როგორი გამოხმაურება აქვთ მათ თითოეულ ვიდეოს. მეც ვცდილობ, ხელი შევუწყო იმაში, აბედნიერებთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ასეთ შედეგს ვხედავ, რაც მეც უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. გარდა ამისა, მეტი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, რომ ამდენი ადამიანი გიყურებს და გგულშემატკივრობს.

ყველაზე მეტად რაც მახარებს, ის არის, რომ ისინი ერთად დგამენ ცეკვებს. ცდილობენ, სტუდიაში ნასწავლ ცეკვას თავიანთი ელემენტები დაუმატონ. როცა სახლში ერთად რეპეტიციობენ, რაღაცნაირად, ამაში დედმამიშვილობაც იგრძნობა, ერთმანეთზე ზრუნვაც და ის სიყვარულიც, რომელიც მათ ერთმანეთის და ზოგადად, ცეკვის მიმართ გააჩნიათ.

-მათთვის რას ნიშნავს ცეკვა და აქვთ თუ არა განსხვავებული ინტერესებიც?

-ელისაბედისთვის ცეკვის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მას სამომავლო პროფესიადაც ცეკვა აქვს არჩეული და უნდა, თავიდან ბოლომდე გაჰყვეს ამ გზას. აქვს სამომავლოდ საინტერესო იდეები და მიზნები, რომლებიც ცეკვას უკავშირდება.  ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია, გამოსდის და აინტერესებს.

ცეკვას სამივე აგრძელებს, მაგრამ სხვადასხვა სფეროში თავიანთი მიმართულებები აქვთ. მაგალითად, ნიკოლოზი კულინარიითაცაა დაინტერესებული… ვფიქრობ, რომ კულინარიის წრეზე ან ისეთ სივრცეში ვატარო, სადაც ინტერესის ეს მარცვალი უფრო გაუღვივდება. თუმცა, ცეკვა მასაც ძალიან იზიდავს.

ანდრია მათემატიკითაა დაინტერესებული და კომაროვში უნდა ჩაბარება.

ცეკვაზე ოკაც დადიოდა, თუმცა მას ამის დიდი სურვილი არ აღმოაჩნდა და შემდეგ დაანება კიდეც თავი.

-ამ ყველაფერში თქვენს როლს როგორ ხედავთ?

-მე უნდა აღმოვაჩინო მათი მისწრაფებები და შემდეგ ხელი შევუწყო იმის კეთებაში, რაც სურთ. ამისთვის ბოლომდე ვიხარჯები და მაქსიმალურად ვუთმობ დროს მათ ინტერესებს. არ მინდა, ოდესმე გული დამწყდეს, რომ მათ ყურადღება დავაკელი.

უკვე ვხედავ, ვის რა აინტერესებს და ვინ რა მიმართულებით მიდის. მთავარია, რომ ყველა მათგანისგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ძალიან დიდი მონდომებით ემზადებიან კონცერტებისთვის, არასდროს აგვიანებენ რეპეტიციებზე და მეტიც, შეიძლება 1 საათით ადრეც კი მივიდნენ.

როგორია კიკნაძეების სამომავლო გეგმები?

-როგორც გითხარით, ანდრია კომაროვში აბარებს. ელისაბედი და ნიკოლოზი ცეკვას გააგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, მათი განრიგი მაინც დატვირთულია. ასევე, აქტიურობენ სოციალურ ქსელში და აპირებენ, ეს აქტიურობა გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები