ივანე ჯავახიშვილის წერილი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს

1906 წელს ივანე ჯავახიშვილი დაქორწინდა ერეკლე მეორის შთამომავალზე, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანზე, რომელიც საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე ქალი და პაგანინის მოსწავლე იყო.

ანასტასიას და ივანეს სამი შვილი შეეძინათ: ნათელა, კახა და ალექსანდრე.

ეს გახლავთ ივანე ჯავახიშვილის წერილი ცოლს, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს:

,,ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო!

ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!… როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: “მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო”. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო…

… სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ… ჩემი მშვენიერი სტასია, ჩემი… დაგკოცნი გაგიჟებით, ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე.

მარად შენი ვანო”.

(1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილსს)“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები