თბილისი, კიევი, ვენა – მიხეილ მენაბდის უჩვეულო ისტორია

წლების წინ ბალეტის თეატრის წარმატებული მსახიობი იყო, 23 წლის ასაკში გადაწყვიტა, შეეცვალა პროფესია და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გამხდარიყო. მან ბევრისთვის წარმოუდგენელი რამ შეძლო… დღეს ავსტრიაში ცხოვრობს და წარმატებული დირიჟორია. “ქართული კვირა” ძალიან ნიჭიერ ადამიანს, მიხეილ მენაბდეს გაგაცნობთ. 

მიხეილ მენაბდე:  1978 წელს დავიბადე და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ვიზრდებოდი, უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. სამი წლიდან ვცეკვავ, მამაჩემი მოცეკვავე იყო, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში( ახლანდელი „ერისიონი“) ცეკვავდა. ის რომ ცეკვავდა, მე კულისებში ვიყავი და ასე გახდა ცეკვა მთავარი ჩემს ცხოვრებაში, მაშინდელ პიონერთა სასახლეში დავდიოდი. მამას უნდოდა, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია მე, ვიდრე თვითონ და ამიტომ მარტო ხალხური ცეკვით არ შემოიფარგლა,  კლასიკური განათლების მოცემა გადაწყვიტა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანა. ასე გავხდი ბალეტის მსახიობი.  ოპერის თეატრში 10 წელი ვიცეკვე,  ფაქტობრივად, 1997 წლიდან 2006 წლამდე ვიყავი ბალეტის თეატრის სოლისტი.

90-იანი წლები, რა თქმა უნდა, საშინელება იყო, მაგრამ ქორეოგრაფიულმა სკოლამ, იმ რეჟიმმა, დისციპლინამ, რომელიც იქ იყო, ქუჩას და მთელ იმ საშინელებას გადამარჩინა. ბედნიერი ბავშვობის მერე ეროვნული მოძრაობის მუხტი იყო. უცებ გამოვიღვიძეთ. მივხვდით, რომ ეს ბედნიერება მოჩვენებითი რამ იყო, მიუხედავად იმისა, რომ  10 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს ყველაფერი, კარგად მახსოვს 9 აპრილის ღამე… ჩემი მშობლები იქ წავიდნენ, მე და ჩემი ძმა, მეზობლის მეთვალყურეობის ქვეშ, მარტო დაგვტოვეს სახლში.  დედა იხსენებს, რომ ბოლო მომენტში შიშის გამო კი არ დატოვეს იქაურობა, უბრალოდ მათ რომ რამე მოსვლოდათ, ჩვენ ობლად ვრჩებოდით და ამიტომ წამოვიდნენ სახლში ფეხით…  90- იანმა წლებმა, პრინციპში,  რაღაც უარყოფითი დატოვა ჩემს თაობაში, სიცარიელე გაჩნდა. ეს სიცარიელე საგრძნობლად დამაზიანებელი აღმოჩნდა ბევრი რამისთვის. ახლა ვფიქრობ, ყველაფერი სხვანაირად რომ განვითარებულიყო, მეტის მიღწევა შეიძლებოდა… ახლა ახალგაზრდებს შეუძლიათ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში წავიდნენ და განათლება მიიღონ, ენა ისწავლონ. ჩემს ახალგაზრდობაში ეს ცოტა რთული  იყო… 90- იანმა წლებმა ქვეცნობიერად ისეთი რამ ჩადო ჩემში, რომ სულ მინდოდა სადმე წასვლა, მეგონა, რომ იქ იყო მაგარი ცხოვრება და სინათლე,  ამ სინათლისკენ მივილტვოდი. ალბათ, ამიტომაც რაღაც მომენტში აღმოვჩნდი აქ.

– როცა თქვენ ცეკვავდით, ძალიან არაპოპულარული იყო ბალეტის მსახიობობა…

– ძალიან არაპოპულარული იყო და დღესაც ასეა, საერთოდ ბალეტში ბიჭის ცეკვა, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური მოცეკვავეები გვყავდა, მაგალითად, ჭაბუკიანი,  ჩემი პედაგოგი გიორგი ალექსიძე, რომელიც ინდივიდუალიზმის წერტილი იყო საქართველოში და ახლაც გვყავს კარგი მოცეკვავეები მთელს მსოფლიოში გაფანტულები, ეს ყველაფერი  ჩვენთან, მენტალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან არაპოპულარული რამ იყო. იმასაც გეტყვით, რომ ეზოში, ქუჩაში ვერ დაიტრაბახებდი, რომ ბალეტის სკოლაში სწავლობდი. დუმბაძის ჰელადოსში რომ იანგული არის და მევიოლინე ბიჭი, დაახლოებით იგივე სიტუაციაა…

– პროფესიის შეცვლის ერთ – ერთი მიზეზი ეს ხომ არ იყო?

– არა, რას ამბობთ, პირიქით, ვთვლი, რომ გამიმართლა. უბრალოდ მუსიკისადმი სიყვარულმა თავისი გაიტანა. როცა ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე და თეატრში ვმუშაობდი, პარალელურად ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, საბალეიტმესტერო ფაკულტეტზე გიორგი ალექსიძესთან, სულ სამი სტუდენტი ვიყავით.  სწავლის პერიოდში სერიოზულად ვსწავლობდით მუსიკას, მაგარი პედაგოგები გვიკითხავდნენ საგნებს, ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა, რომ ფიქრი დავიწყე პროფესიის შეცვლაზე. ჩემმა უსაყვარლესმა პედაგოგმა, ნანა ლორიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე სწავლა დამეწყო. ისეთ ასაკში დავიწყე ეს ყველაფერი, რომ თითქმის წარმოუდგენელი იყო რამის მიღწევა. როგორ გითხრათ, ჩემი პატარა  6 წლის არის და 4 წლიდან ვიოლინო უჭირავს ხელში, ამ სამყაროში იზრდება. ხედავს, დედა უკრავს, მამა დირიჟორობს, მე კი ამ ყველაფრის შესწავლა მოკლე პერიოდში მომიწია. თუმცა, იმ ასაკში  ყველაფერს უკვე გააზრებულად აკეთებ და ამასაც თავისი პლუსები აქვს.

როცა გადავწყვიტე, დირიჟორი გავმხდარიყავი, 23 წლის ვიყავი და ამ ასაკში ძალიან სერიოზულად  დავიწყე მუსიკის შესწავლა. ჩვენს კონსერვატორიაში  არის მხოლოდ საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი. ბევრი გარკვეული მიზეზების გამო მოსკოვში და  ლენინგრადში წამსვლელი მე არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთ – ერთი უძლიერესი კონსერვატორიაა მსოფლიოში. ძიების მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ კიევში არის სიმფონიურის სადირიჟორო ფაკულტეტი, სადაც თუ გამოცდას ჩააბარებ, მაშინვე აგიყვანენ. არ არის აუცილებელი შენ გქონდეს განსაკუთრებული მუსიკალური განათლება, ტექნიკუმი დამთავრებული და ა.შ.

აი, როგორ აღმოვჩნდი უკრაინაში ეგ ცალკე ისტორიაა. რეჟისორი გურამ მელიავა იყი ჩემი მასწავლებელი. ერთხელ ეროვნულ მუზეუმში ხალიჩების გამოფენაზე ვიყავით, სადაც შემთხვევით გია ყანჩელს შევხვდით და გურამმა რჩევა ჰკითხა სად შეიძლებოდა ჩამებარებინა. მან მაშინვე გვითხრა, რომ კიევის კონსერვატორიაში იყო მისი მეგობარი, უძლიერესი დირიჟორი და პედაგოგი რომან კოფმანი, დაგვპირდა, რომ იმ დღესვე დაელაპარაკებოდა, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ მას ერთი ადგილი უთავისუფლდებოდა და თუ ჩავაბარებდი გამოცდას, მე ამიყვანდა.

იმავე საღამოს დამირეკა გიამ, ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა და მითხრა, რომ მისი მეგობარი მელოდებოდა.  კოფმანს დავურეკე, მომცა დავალება და დავიწყე მომზადება გამოცდისთვის. ჩავაბარე გამოცდები და ამიყვანა თავის კლასში. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, შეიძლება არაფერი გამოსულიყო. საერთოდ მე ვთვლი, რომ მიმართლებს ცხოვრებაში, გამიმართლა გარემოცვაშიც, ვგულისხმობ ჩემს მასწავლებლებს, ასევე, დედაჩემს, რომელიც პრინციპში ყოველთვის, ყველაფერში მხარში მედგა, იმიტომ კი არა, რომ ფანატიკოსი დედაა, აბსოლუტურად ადეკვატური და საკმაოდ მკაცრი და მეგობრულიცაა ამავე დროს, უბრალოდ მან, ამ ჩემს გიჟურ იდეას დაუბრკოლებლად აუბა მხარი, ამან  ძალიან მაგრად იმუშავა, ასე რომ თუკი ვინმესთვის მადლობა მაქვს სათქმელი, პირველ რიგში დედისთვის, საერთოდ ყველაფრისთვის,  თუ კი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში და ჩემი მასწავლებლებისთვის. ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა.

– კონსერვატორია რომ დაამთავრეთ, მალე გადახვედით უკრაინიდან ავსტრიაში საცხოვრებლად?

– მაგისტრატურის ბოლო წელს  კიევის სახელმწიფო ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა – ჯერ ნოტების ბიბლიოთეკარად, მერე ორკესტრის ინსპექტორად, მერე  დირიჟორის თანაშემწედ, ხანდახან კონცერტები მქონდა. სხვათა შორის, პირველი კონცერტი ქართული მუსიკის საღამო იყო და გია ყანჩელის მე- 6 სიმფონია ვიდირიჟორე. შემდეგ გადავწყვიტე, რომ კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, მაინტერესებდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ევროპაში. მე და ჩემმა მეუღლემ  ავსტრიის უნივერსიტეტში ენის შემსწავლელ კურსებზე შევიტანეთ განაცხადი  და მივიღეთ ვიზები, მერე უნდა ჩაგვებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და პრინციპში ასეც მოხდა. ჯერ ჩემმა მეუღლემ იარა კურსებზე და მე პატარასთან ვიყავი, მერე მე დავიწყე ენის შესწავლა. ასპირანტურაში ჩასაბარებლად საჭირო დიპლომი და პედაგოგთან გასაუბრება.  გასაუბრება გავირე, ყველაფერი მიიღეს, მაგრამ ადგილი არ ჰქონდათ და სამი წელი მოლოდინის რეჟიმში ვიყავი და როცა უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, მაშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ  ჩემი რიგი მოვიდა და შემიძლია ჩავაბარო… ასე დავამთავრე მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო სასწავლებლის, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის ორი სემესტრი, ახლა კორონამ ცოტა ჩაგვწია…

– თუმცა კონცერტები მაინც მოასწარით და წინ კიდევ ბევრი გეგმა გაქვთ…

– კიევთან კონტაქტი არ დამიკარგავს, პერიოდულად ჩავდივარ, ახლა ივნისში ვაპირებ ჩასვლას, ვენაშიც გვქონდა 1-2კონცერტი, ორი კონცერტი გვქონდა შვეიცარიაში და მესამე კონცერტი იქნება 9 მაისს, მაგრამ ახლა, როგორც მთელი მსოფლიო, ვართ კარანტინის რეჟიმში.

– ახლა ცოტა რამ ოჯახზეც გვიამბეთ

– ჩემი უფროსი ბიჭი პირველი ქორწინებიდან მყავს, სანდრო 20 წლის არის, თბილისში ცხოვრობს, უნივერსიტეტში სწავლობს, წარმატებულია, ჭკვიანი, და ამით ძალიან ვამაყობ. მეგობრული და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. პატარა, ნიკუშა ახლა 6 წლის არის, კიევშია დაბადებული. მეუღლე მყავს იულია, უკრაინელია. როცა კიევის ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა, დავინახე ორკესტრის პირველ სკამზე კონცერტმეისტერად ზის ულამაზესი გოგო და გულში ჩამრჩა. მერე გავიცანი, დავუახლოვდით ერთმანეთს, ერთად დავუკარით, ჩემს სახელმწიფო გამოცდაზე  მე ვიდირიჟორე, ის იყო კონცერტმეისტერი… მოკლედ ასე შევქმენი ოჯახი უკრაინაში, მერე, როცა გადავწყვიტეთ აქეთ ჩამოსვლა, სამივე ერთად წამოვედით ერთი ჩემოდნით, მაშინ არ იყო გარკვეული, დავრჩებოდით თუ არა აქ. ახლა ვცდილობთ, აქ ვინტეგრირდეთ. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ბავშვს სულ სხვა მომავალი, სულ სხვა შესაძლებლობები ექნება ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, რომ განათლების თვალსაზრისით ბევრი რამ მივცე მას. აქვს აბსოლუტური სმენა და ისეთი მონაცემები, რომელიც ძალიან იშვიათია. ძალიან კარგ პედაგოგებთან დაგვყავს…. პარალელურად მინდა სხვა განათლებაც მივცე და მერე უკვე თვითონ მონახავს თავის გზას.

– ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება?

– რა თქმა უნდა.

– და რა არის ყველაზე რთული?

– ყველაზე დიდ სირთულეს ენა წარმოადგენს, როცა ენას არ ფლობ იმ დონეზე, რომ თავისუფლად ეკონტაქტო იმ ხალხს, ვის გარემოცვაშიც ცხოვრობ, ეს ყველაზე დიდი ბარიერია. თუ ენა იცი, ჩათვალე, რომ საქმის ნახევარი გაკეთებულია. მერე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ვიღაცას ეგრევე უმართლებს, ვიღაცას არა… როგორც ბევრგან, აქაც ძალიან შეუვალი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებს,  მაგალითად, საბუთების მოწესრიგება გინდა. კანონის მიხედვით უამრავი რამ არის გასაკეთებელი, ამას თუ გაუძლებ რაღაცა გამოვა… ან შენ შუა გზაში ჩერდები, ხელს ჩაიქნევ და ნებდები, ან ბოლომდე მიყვები, აქ ჩაწყობები ქართულ – ჯიგრულ პონტში არ გამოდის.

– ოჯახში რა ენაზე საუბრობთ?

– მეუღლესთან რუსულად ვლაპარაკობ, ბავშვთან – ქართულად, რუსულად და გერმანულად.

– საერთოდ ქართველებს უჭირთ სხვაგან ცხოვრება, თქვენს შემთხვევაში როგორაა?

– რა თქმა უნდა, აი მაგალითად მიდიხარ ქუჩაში და უცებ რაღაცა სუნს იგრძნობ, ძალიან მახლობელს… სხვათა შორის, ავსტრიის ბუნება ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოს, იმერეთს, გურიას… მე გურიიდან მყავს ბებია და ბაბუა და მაგალითად, მსხლის, თხილის სუნი არის ძალიან მსგავსი. ეს შეგრძნებები დიდ ინფორმაციას შეიცავს. სრულიად მივიწყებული, ღრმა ბავშვობიდან ისეთი რაღაცები გახსენდება, რომ უცებ ნოსტალგია გიპყრობს, დანარჩენი რა გითხრათ, ადრე ადამიანი წავიდოდა და იტანჯებოდა. ახლა კომუნიკაციის ათასი საშუალებაა, მაგალითად, სკაიპით ელაპარაკები შენს მშობლებს, შეგიძლია, დაინახო…

– ვიცი თქვენი ძმაც ემიგრანტია…

– ჩემი ძმა ამერიკაში, ნიუ – იორკში ცხოვრობს… მონატრების თვალსაზრისით, ალბათ დედას მდგომარეობა  უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი. ერთ დღეს დედა და მამა დარჩნენ მარტო, დილით ჩემი ძმა გაფრინდა ნიუ – იორკში და იმავე დღეს, შუადღეს გავფრინდი მე კიევში. ვერც წარმომიდგენია, რა განიცადეს, როცა გაიაზრეს, რომ ერთი კვირით კი არ წავედით სადღაც და დარჩნენ მარტო. აი ეს მართლა რთულია, თორე ჩვენ რომ წავედით, იმდენი რაღაც დაგვატყდა თავს, რომ…

– ფიქრობთ, რომ მთელი ოჯახით ჩამოხვალთ და საქართველოში იცხოვრებთ?

– მე მაინც მგონია, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ, როცა შვილების წინაშე ვალს მოიხდი, ყველაფერს გაუკეთებ და იცი, რომ ის თავის გზას თავისით გაიკვლევს, მერე უკვე წყნარი ცხოვრება გინდა ადამიანს, გადიხარ სცენიდან, მე ალბათ სიბერეს ჩემს სახლში გავატარებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები