ზაქარია ჭელიძის მხოლოდ ქართული “ნაკეთი” – სამკაულში გაცოცხლებული მოგონებები

შეიძლება, სხეულები უჯრედებისგან, მოლეკლებისგან ან ატომებისგან შედგებიან, მაგრამ სულს რომ მოგონებები და ემოციები ქმნიან, უტყუარია. გიფიქრიათ, რამდენი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოგონება დაგვიწყებიათ, რამდენი დეტალი ჩაგითვლიათ არასაინტერესოდ, რამდენ ათასჯერ ნანახ სურათში ვერ დაგინახავთ თქვენთვის უკვე გაცვეთილი სილამაზე? – ალბათ, კი.

“ნაკეთი” – ასე ჰქვია აქსესუარების ახალ ბრენდს, რომელიც თავის თავში სწორედ ამ მოგონებების, ემოციებისა და დეტალების შენახვასა და შეხსენებას გულისხმობს. “ნაკეთის” შექმნის შთაგონებაც ერთი ხელოვანის მოგონებაა:

“ბავშვობაში, როცა გურიის პატარა სოფელში ბებიასთან ჩავდიოდი და მისი ნახვა ძალიან მეჩქარებოდა, ჩემსა და ბებოს შორის ერთადერთ ბარიერად ეზოს ჭიშკარი მესახებოდა –   ორნამენტებიანი რკინის​ ცხაურების გავლით ვხედავდი გამოსაგებებლად გამოსულ, ხელებგაშლილ ბებოს.

როგორც დოკუმენტალისტიკაზე მომუშავე ფოტოგრაფი, ყოველთვის გაცილებით დიდ ყურადღებას საერთო კომპოზიციას ვაქცევდი.  დეტალებზე დაკვირვება ზურა შევარდნაძის დამსახურება და მასთან ურთიერთობის შედეგია. სწორედ ზურამ აღმომაჩენინა, რომ ამბის მოყოლის უნარი დეტალებსაც ჰქონდათ.

ოღონდ მათი ისტორია განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც ინდივიდუალურია ამბავი, რომელიც ჩვენი ეზოს ჭიშკრის მიღმა ხდება”.

 

სწორედ ჭიშკარი იქცა ზაქარია ჭელიძის მთავარ ინსპირაციად, ნაკეთობებეში თავისივე ფოტოკადრების დეტალები ასახა და რამდენიმე კვირის წინ მისი პირველი სამკაულიც შეიქმნა –  ხელოვანი, რომელსაც საზოგადოება ფოტოგრაფად იცნობს, ახალი საქმიანობით პანდემიისასდაინტერესდა და ბეჭდებსა და საყურეებზე ჯერ მისი პირადი მოგონება, შემდეგ კი სხვისი სახლის ფართოდ და სტუმართმოყვარედ გაღებული ჭიშკრები დაიტანა. უცნაურია, რომ მსგავსი ფორმები ყველა ჩვენგან გვინახავს, თუმცა, შესაძლოა, არასდროს მიგვიქცევია ყურადღება დეტალებში დამალული სილამაზისთვის.

“პანდემიამ ხელოვანები ძალიან დაგვაზარალა, ფაქტობრივად, მოგვწყვიტა საყვარელ საქმეს და რაც ყველაზე მეტად გულდასაწყევტია, ყოველგვარი ყურადღების მიღმა დაგვტოვა. ურთულესია ხელოვანისათის “უსაქმოდ ყოფნა”, მისმა შინაგანმა სამყარომ, აზრებმა, შთაგონებებმა რაიმეში უნდა პოვოს ასახვა, სადღაც უნდა განსხეულდეს. სწორედ ასეთ საქმიანობად იქცა ჩემთვის “ნაკეთი”, რომელიც, ფაქტობრივად, მეგობრების მიერ შეგროვებული ფულით დავიწყე. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩემთვის ახალი კამერის შესაძენად თანხა შეეგროვებინათ და ახალ წელს საჩუქრად გადმოეცათ, მე კი ეს თანხა სრულიად სხვა საქმის წამოწყებას მოვახმარე და ასე, რეზო მელიქიშვილთან და ვასკა მარუაშვილთანერთად, შეიქმნა “ნაკეთი”.

ბრენდის სახელიც, მისი შინაარსივით, მხოლოდ ქართულია და მიზნადაც ქართულის პოპულარიზებას ისახავს – ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალოდ ნივთები კი არა, ნივთებში მოყოლილი ისტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ “ნაკეთი” სულ ცოტა ხსნის წინ შეიქმნა, დიდი მოწონების დამსახურება ამ მოკლე დროშიც მოასწრო –  ამ ეტაპზე სამკაულების, რომელთა რაოდენობაც ლიმიტირებულია, მიწოდება საქართველოსა და აშშ-შია შესაძლებელი. ყველა დაინტერესებულ ადამიანს კი კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ შეუძლია – “ნაკეთში” საკუთარი ჭიშკარი, ღობე ან  სხვა ორნამენტი ასახოს და შემდეგ მუდამ თან ატაროს ნივთი, რომელიც მხოლოდ მას გაახსენებს განსაკუთრებულ მოგონებას.

“ისრაელიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, საქართველოში მათი სახლის ჭიშკრის ორნამენტისაგან სამკაული ოჯახის ყველა წევრისთვის დამემზადებინა, მითხრეს, ასე გვგონია, სახლში ვართო.  ეს თითქოს რაღაც სიმბოლოა, თავიანთი საქართველო უცხო ქვეყანაშიც თან ატარონ. იდეაც სწორედ ესაა – ადამიანებს თავიანთი ისტორიის თან ტარება შეეძლოთ”.

ამ უკანასკნელის სურვილი უკვე ბევრ ადამიანს გაუჩნდა, კითხულობენ და ელოდებიან, როდის გამოვა მათი კუთხისათვის დამახასიათებელი დეტალის სამკაული. კითხვაზე –  ვინ უნდა ატაროს “ნაკეთი”, ზაქარიას ასეთი პასუხი აქვს: “მან, ვისაც უყვარს ქართული და ვისაც შეუძლია ეს დეტალები მოგონენებად აღიქვას. ადრე თუნდაც ჭიშკრებს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. განსხვავებით ახლა ამოშენებული გალავნებისაგან, მაშინ თითქოს ადამიანებიც უფრო ღია იყვნენ, მეტად შედიოდნენ ურთიერთობაში, თითქოს საერთო იყო ჭირი და ლხინი, რომელიც ამ ჭიშკრის მიღმა ხდებოდა. დასავლეთ საქართველოში “სამეზობლო ჭიშკრებიც” კი გვქონდა და მე შემეძლო სკოლაში ისე წავსულიყავი, რომ მეზობლების ეზოები გადამევლო და გზაზე გასვლა არ დამჭირვებოდა. ალბათ, ბევრს ენატრება სწორედ ეს ემოცია, უშუალო და ხალისიანი გარემო, რაც, სამწუხაროდ, იკარგება.”

ხელოვანის გეგმებში საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გამოყენებით ხელოვნებაში გადმოტანა და საერთო ხაზის შექმნაა, რომელიც არა მხოლოდ ბეჭდისა და საყურის სახეს მიიღებს. ზაქარია ჭელიძის მხოლოდ ქართული “ნაკეთის” ამბავი ჯერ მხოლოდ  ახლა იწყება.

 

ავტორი: თამუნა ზარანდია 

ფოტო: ვასკა მარუაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები