“დათა თუთაშხია”  დააჯარიმეს

ოთარ მეღვინეთუხუცესი ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო, საქართველოს სახელმწიფო პრემიის  ორგზის ლაურეატი და ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის ლაურეატი გახლდათ. მან უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა კინოსა თუ თეატრში, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ჭაბუა ამირეჯიბის რომანის მიხედვით გადაღებულ, ამავე სახელწოდების ფილმში შეასრულა. “დათა თუთაშხია” დღეს იუბილარია –  მსახიობს 16 იანვარს  89 წელი შეუსრულდებოდა 

ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა “ჩაუსტვინა”:

– საბუთები, მოქალაქევ!

– მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, – მშვიდად ეუბნება მსახიობი.

ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:

– მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!

ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:

– მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, – ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.

– მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!

– არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და…

– მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქილია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.

მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.

– ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.

– დიახ?!

– დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.

– მუშნი ვარ, ზარანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები