საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ერეკლე II-ის თემაზე, საკოლექციო ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა

2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის “საქართველოს მეფეების” ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.

მონეტები 28 დეკემბრიდან გაიყიდება, მათი შეძენა მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი და ერთ ჯერზე მხოლოდ ორი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტის ყიდვა შეიძლება. სულ გამოშვებულია 1,5 ათასი ვერცხლისა და 300 ოქროს მონეტა. მონეტის ნომინალი ხუთი ლარია.

5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია.

მონეტის ავერსზე მეფე ერეკლე II-ის პორტრეტია გამოსახული (პორტრეტის ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში). მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა “ერეკლე”, მისი ხმალი (ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში) და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები – “1720” და “1798”. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას კი ივერიული (ქართული) გვირგვინი წარმოადგენს. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “5 ლარი”, “GEORGIA” და “2020”.

მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.

ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის, შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლით, მისი დიამეტრია 34 მილიმეტრი. გამოსახულება ავერსზე მოოქროვილია. მონეტის ღირებულებაა 100 ლარი.

ოქროს მონეტა, რომელიც 900 სინჯის ოქროთია შესრულებული, 8,5 გრამს იწონის. მისი დიამეტრია 8,5 მილიმეტრი და 1690 ლარი ღირს.

მონეტები ერეკლე მეორის თემაზე პირველია სერიიდან „ქართველი მეფეები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები