ჩვენი დროის გმირი – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 20 წლის კაპრალის ისტორია

“ოცი წლის ბიჭს შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ბიჭები მედგრად იგერიებდნენ მტრის იერიშებს, მაგრამ მტრის ურიცხვობამ თავისი გაიტანა… ის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად.

მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ბეჭი გადარჩა უვნებლად. ბეჭი, რომელზეც ჯვარი ჰქონდა ამოსვირინგებული… სწორედ ამ ნიშნით იცნო მამამ შვილის დამწვარი ცხედარი…

ირაკლი ჯანელიძე ნანატრი ვაჟი იყო ოჯახისთვის, ტყუპი დების შემდეგ რომ შეეძინათ მშობლებს.

დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში. ჯარისკაცის მამა იხსენებს, რომ ირაკლი იყო წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის აგვისტოში, კოლეჯი არც დაუმთავრებია, ისე წავიდა ჯარში. 45-დღიანი კარანტინი სენაკში გაიარა და ისე, რომ მშობლებმა არც იცოდნენ, კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. იყო კაპრალი.

მანქანაზე ოცნებობდა თურმე და აიხდინა ოცნება – მანქანა იყიდა.

დღესაც სახლში ჰყავს ოჯახს ირაკლის მანქანა…

მამა იხსენებს, რომ ომის დაწყების წინა დღეებში ირაკლი გულჩათხრობილი გახდა.

მამა: „2-3 აგვისტოს სახლში მოვიდა, მაგრამ ისე იყო დაღვრემილი და ჩაფიქრებული, რომ სიტყვას არავის ეუბნებოდა. მგონი, იცოდა, რომ ომი იწყებოდა… 6 აგვისტოს ბიძაშვილი ჩამოიყვანა ჭიათურიდან, ქუთაისში საავადმყოფოში დააწვინა. მეორე დილას, 7 აგვისტოსაც ჩამოაკითხა და წავიდა… საერთოდ არაფერი უთქვამს. მე სახლში არ ვიყავი, საჩხერეში ვმუშაობდი იმ პერიოდში, დედასა და დებს უთხრა, ხვალ ჩამოვალო… მე ტელეფონით ველაპარაკე, არც ჩემთვის გაუმხელია არაფერი, არც ვიცოდი, რომ ომში იყო წასული… არც 9 აგვისტოს გამიმხილა, რომ ომში იყო, მითხრა, პოლიგონზე ვარო… ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებოდი და სულ გვამშვიდებდა. ბოლოს 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ველაპარაკე.

ვკითხე, სად ხარ, ცუდ ამბებს აცხადებენ-მეთქი. პანიკას ნუ აჰყვები, პოზიციებზე ვდგავართ და მალე ჩამოვალო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამის შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებოდით… 11-ში, 12-ში, 13-ში რომ აღარ დარეკა, უკვე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი აღარ იყო…

მაინც ვეძებდი, ხან ბორჯომში წავედი, ხან – ბაკურიანში, მერე გზები ჩაიკეტა. ნათესავებს ვთხოვე, თბილისის საავადმყოფოებში ეძებნათ – დაჭრილებში, მიცვალებულებში, ყველგან. 17-ში საღამოს დამირეკა ერთ-ერთმა ნათესავმა, ერთ-ერთ „ცინკის“ კუბოს „ჯანელიძე“ აწერიაო…

ამასობაში მთავრობიდანაც დამირეკეს და თავდაცვის სამინისტროში ამოცნობაზე დამიბარეს… 19 აგვისტოს გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ ქუთაისში…

ორი კი არა, ორი ათასი წელი რომ გავიდეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრება დასრულებულია… იმისთვისღა ვცოცხლობ, რომ მის ტყუპ დებს, ჩემს ქალიშვილებს მივაქციო ყურადღება…

ბავშვი უნდა მოენათლა ჭიათურაში, ვერ მოასწრო… დაიღუპა… მერე მე მთხოვეს, მის ნაცვლად მომენათლა. შარშან ნათლისღებაზე უნდა მომენათლა, მაგრამ წასვლის თავი არ მქონდა. წინა ღამით დამესიზმრა ირაკლი… ჭიშკართან დადიოდა. ვკითხე, სადა ხარ, ბიჭო, ამდენს ხანს, არ იცი, ხვალ გიორგი რომ უნდა მონათლო-მეთქი? ჩაფიქრდა და მერე მითხრა: დიდი ხნით მივდივარ მე და მოდი, მამა, შენ მონათლეო. მეორე დღეს წავედი, მოვნათლე ის ბავშვი…“

კიდევ ერთი ქართველი გმირი დაეცა სამშობლოსთვის ბრძოლაში.”

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით(2008წ.)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები