რუსთავის თეატრი იუბილარია

53 წლის წინ, 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრში პირველი პრემიერა შედგა. რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ე. როსტანის რომანტიკული დრამა ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, მხატვარი მამია მალაზონია, კომპოზიტორი კი ბიძინა კვერნაძე გახლდათ. მთავარ როლს მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. სპექტაკლის დადგმამდე თეატრის დაფუძნებას წინ უძღვოდა ისტორია, რომელმაც იმ დროინდელ თეატრალურ სამყაროში ახალი ეპოქა შექმნა.

1967 წლის ზაფხულში, მარჯანიშვილის თეატრის, ახალგაზრდა მსახიობების ნაწილმა მთავარი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მეთაურობით ახალი სიტყვის სათქმელად და სიახლის ძიების ინტერესით დატოვა თეატრი. ეს ინიციატივა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ იმ დროის ,,ქალაქკომს“ – ლუდვიგ ხარბედიასა და ოთარ წვერავას სახით, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამრეწველო ქალაქში თეატრი დაფუძნებულიყო. მეტალურგთა კულტურის სასახლის მარცხენა ფრთა სცენის სპეციფიკას დაუქვემდებარეს და გადააკეთეს მაყურებელთა დარბაზი.

ახლად შექმნილი თეატრი 700 მაყურებელს მასპინძლობდა. შეიძინეს გახმოვანების აპარატურა, სანამ თეატრში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, დასი ამ დროისთვის რამდენიმე სპექტაკლზე ერთად, რეპეტიციებს სხვადასხვა დაწესებულებებში გადიოდა.

რუსთავის თეატრის პირველ დასის წევრები გახლდნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთევან კიკნაძე, ლეილა შოთაძე, თამარ სხირტლაძე, გურანდა გაბუნია, ზაზა ლებანიძე, ია ხობუა, მედეა ბიბილეიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, რეზო ხობუა, მალხაზ გორგილაძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ჯემალ გაგნიძე, ლეო ანთაძე, კოტე თოლორაია, გიზო სიხარულიძე, სოსო გოგიჩაიშვილი, შოთა სხირტლაძე, ჯემალ მაზიაშვილი. მალევე მათ შეუერთდნენ მსახიობები: ეთერ სიხარულიძე, ოთარ სეთურიძე, მანანა მაჩაბელი, გივი ხახიძე, ოთარ ქუთათელაძე, ლერი მიშველიძე, თენგიზ დაუშვილი, ნანა დათუნაშვილი, შოთა ქრისტესაშვილი, თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები: ნათელა მუხულიშვილი, ზეინაბ გზირიშვილი, ირაკლი ბექაია, თაზო თოლორაია და დიდი მსახიობი აკაკი ვასაძე. დირექტორად დაინიშნა ანდრო კიკალეიშვილი.

2013 წლიდან, თეატრს დამფუძნებელი რეჟისორის სახელი მიენიჭა და იმ დროიდან, რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის სახელობისაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები