საბა ბოდოკიას „გრძნობათა ქაოსით” მოხიბლული ჟიური და პირველი ადგილი საერთაშორისო ფესტივალზე

რამდენიმე დღის წინ საბავშვო ფილმების მე – 10 საერთაშორისო  ფესტივალი “ოქროს პეპელა 2020” დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს 20 ქვეყნის 19 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. საკონკურსო პროგრამას აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომელსაც ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – მარიამ ხაჭვანი ხელმძღვანელობდა. ფესტივალის მთავარი პრიზი იმერეთის სოფელ გეგუთის #1 სკოლის მოსწავლემ, 16 წლის საბა ბოდოკიამ მოიპოვა.

„საბა, ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენაა.  გამორჩეული ხედვა აქვს და მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული. მისი კინემატოგრაფიული აზროვნება საგრძნობლად უსწრებს მის ასაკს…” ასე ახასიათეს მას ფესტივალის დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი, ხოლო კინოკრიტიკოსი, ჟიურის წევრი პოლონეთიდან ანა საევიჩი მას სერგო ფარაჯანოვს ადარებს – „ძალიან მომეწონა საბას ფილმი “გრძნობათა ქაოსი”. მას აქვს თავისი ესთეტიკა… მე ის მაგონებს დიდი ხელოვანის – სერგო ფარაჯანოვის კინო ხედვას, პოეტურს და  ემოციურს და ამით მე მგონი ყველაფერია ნათქვამი.“

თავად საბა კი საკუთარ თავს ასე ახასიათეს: “ხშირია შემთხვევა, როცა საკუთარ ხასიათს მეც ვერ ვუგებ ხოლმე, ზოგჯერ მზიანი ადამიანი ვარ, ზოგჯერ კი პირიქით – წვიმიანი და ღრუბლიანი. ვფიქრობ, რომ ადამიანებთან  გარკვეულწილად მორცხვი და მშვიდი ვარ, საკუთარ თავთან კი – ღია და შეშლილი.“

მას უყვარს ხატვა, წერა, ფოტო გადაღება, ქმნის მუსიკას.  მისი მომავალი პროფესია კინორეჟისორობაა”… საინტერესოა რატომ გადაწყვიტა ამ „ღია და შეშლილმა“ და მაინც მორცხვმა საბამ ფესტივალში მონაწილეობა?

 – საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულს, მსურდა ჩემი ნამუშევარი ისეთ ადამიანებს შეეფასებინათ, ვინც ამ სფეროში განვითარებულები არიან.

– ჟიურის წევრმა ფარაჯანოვს შეგადარა, როგორ ფიქრობ, რატომ შეგადარეს და ეს შენთვის რას ნიშნავს?

– ძალიან ბედნიერი ვარ, ფარაჯანოვის ლეგენდარულ, ხელოვნებით დახვეწილ, მელანქოლიურ და განსხვავებულ შემოქმედებას ჩემი პირველივე ფილმით რომ შემადარეს, 16 წლის ასაკში ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

– ელოდებოდი გამარჯვებას?

– არ ველოდი, მაგრამ… მქონდა იმედის მცირე ნაწილი გამარჯვებისა, რომელიც ფესტივალმა რეალობად, აწ უკვე ფაქტად გადააქცია. აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ჯაოშვილს, ასეთი აუცილებელი ფესტივალის წინამძღოლობისთვის, “ოქროს პეპელა” შესაძლოა იქცეს მწვერვალების საწყის საფეხურებად,  ნებისმიერი შრომისმოყვარე, დამწყები რეჟისორისთვის.

 – ფილმს „გრძნობათა ქაოსი“ ჰქვია. რატომ შეარჩიე ეს სათაური?

– ფილმის სათაური მის თემატიკას შეეფერება, ფილმში ვხვდებით ქაოსში დაკარგულ პერსონაჟს, რომელსაც უამრავი კითხვა აქვს საკუთარ თავთან და ადამიანთან დაკავშირებით.

– შენმა თანატოლებმა როგორ შეაფასეს შენი ნამუშევარი?

– ყოველდღე ბევრი წერილი მხვდება სოციალურ ქსელში, ბევრმა თანატოლმა გამიზიარა თავისი შთაბეჭდილება ჩემს ფილმზე, მიხარია, რომ უმეტესი მათგანი ჩასწვდა ფილმის არსს, ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მათი აზრი, ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებით.

– როგორც ვიცი ახალ ფილმზე მუშაობ და ალბათ, სხვა ფილმებსაც გადაიღებ…

– დიახ, ახალი ფილმი ზამთარში დასრულდება, გაზაფხულისთვის კი მზად იქნება, აქედანვე მომწონს მისი ესთეტიკა და ფერები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათში დიდი ადგილი მომავალ ფილმებს უჭირავს – ჩემი რეჟისორობით.

საბას ფილმი გადაღებული და დამონტაჟებულია ტელეფონით. ფილმი სრულდება ფრაზით: „მე ქაოსში დაკარგული პერსონაჟი ვარ, რომელიც ცდილობს ცხოვრება ერთ დიდ წიგნად ან ფილმად აქციოს”… იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს, უახლოეს მომავალში, ყველა ერთად  ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები