ფესტივალი დასრულდა – “ოქროს პეპელა” საქართველოში დარჩა

საბავშვო ფილმების საერთაშორისო  ფესტივალი “ოქროს პეპელა 2020” დასრულდა.  ფესტივალი 3 დღის მანძილზე: 13, 14 და 15 ნოემბერს ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს 20 ქვეყნის 19 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.

მათ დამოუკიდებლად შექმნეს ანიმაციური, მხატვრული და დოკუმენტური  მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სულ 40 ფილმი იყო წარმოდგენილი.

საკონკურსო პროგრამას აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომელსაც ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – მარიამ ხაჭვანი ხელმძღვანელობდა. გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალის მთავარი პრიზი  16 წლის საბა ბოდოკიამ მოიპოვა. საბა იმერეთის სოფელ გეგუთის #1 სკოლის მოსწავლეა და ეს მისი პირველი წარმატებაა.

ირაკლი ჯაოშვილი (ფესტივალის დირექტორი):

„საბა, ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენაა.  გამორჩეული ხედვა აქვს და მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული … საბას სააპლიკაციო ფორმაში ვკითხულობთ: ” მიყვარს ხატვა, წერა, ფოტო გადაღება, ვქმნი მუსიკას.  ჩემი მომავალი პროფესია – კინორეჟისორობაა”… მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით მისი კინომატოგრაფიული აზროვნება საგრძნობლად უსწრებს მის ასაკს. წარმატებები მინდა ვუსურვო.“

ანა საევიჩი (კინოკრიტიკოსი, ჟიურის წევრი პოლონეთიდან):

„ძალიან მომეწონა საბას ფილმი “გრძნობათა ქაოსი”. მას აქვს თავისი ესთეტიკა… მე ის მაგონებს დიდი ხელოვანის – სერგო ფარაჯანოვის კინო ხედვას, პოეტურს და  ემოციურს და ამით მე მგონი ყველაფერია ნათქვამი. წარმატებები საბას.“

საბა ბოდოკია (ფესტივალის გამარჯვებული): 

„ეს ჩემი პირველი პრიზია, პირველად ვმონაწილეობდი კინოფესტივალში და ძალიან მიხარია გამარჯვება… ეს ყველაფერი  დიდი მოტივაციის მომცემი არის ჩემთვის.  ძალიან საინტერესო იყო საფესტივალო პროგრამა. მქონდა შესაძლებლობა დისტანციურად დავსწრებოდი ვორქშოფებს და მასტერკლასებს, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემი განვითარებისათვის. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს.“

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” 2011 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი მეათედ 29, 30, 31 მაისს და 1ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო გადაიდო და ახლა, საქართველოში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და შეცვლილი ფორმატით 13, 14 და 15 ნოემბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები