„თუ კოვიდ 19 დაგიდასტურდათ“ – რჩევები ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორისგან

ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სახლში კოვიდიინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებით. გთავაზობთ  ამ პოსტს უცვლელად.

„პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის !!ბევრად!! მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ;

ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით;

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას);

არ დალიოთ სიცხის დამწევი, თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი;

იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი  – ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს – ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით;

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში: სუნთქვის გართულება; გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება;

კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კვლევა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა); ამიტომ, თუ იცით რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს;

თუ თქვენ ხართ კოვიდდადასტურებული, ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს;

არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი.“ – წერს ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები