“შვილო, შენ პატრონი არ გყავდა, აქ რომ გამოგიშვა?”- ემიგრანტის წერილი 

უკვე ერთი წელია, მარი კუბლაშვილი ემიგრაციაში, იტალიაში ცხოვრობს. წერილში იგი საკუთარ ემიგრანტულ გამოცდილებაზე ყვება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მას ყველაზე მძიმე დროს გვერდით ედგნენ. 

,,ჩემს ემიგრანტ მეგობრებს”

რამდენი ფიქრი გაივლის გონებაში… რამდენ რამეზე მაფიქრებს ცხოვრება… ბევრს ვწერ, ბევრს არა, მაგრამ დღეს მინდა ორიოდ სიტყვით ჩემს ემიგრანტ მეგობრებზე და ზოგადად ემიგრანტობაზე დავწერო.
ასაკით ჯერ პატარა ვარ, თუმცა ცხოვრებამ უკვე ბევრი გამომატარა. დღეს ისევე, როგორც ათასობით და ათი ათასობით ქართველი, მეც ემიგრანტი ვარ და თითქმის ერთი წელია, უცხო მიწაზე ვიმყოფები. არ არის ადვილი. ყოველ შემთხვევაში შორიდან უფრო ადვილი ჩანს, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი.

ხშირად გვესმის სიტყვები: – მალე უნდა დაბრუნდე, რადგან შენ შენს სამშობლოს სჭირდები! საკითხავია, რომელი რომელს უფრო ვჭირდებით?! განა ჩვენ არ ვოცნებობთ ამაზე? ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი სამშობლო, ვიდრე სამშობლოს ჩვენ. რადგან ,,სამშობლოში” მხოლოდ მიწა-წყალი არ მოისაზრება. ხოდა თუ ვჭირდებით, იქნებ ოდესმე ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანებიც მოვიდნენ, რომლებიც სერიოზულად იფიქრებენ ამ საკითხის მოგვარებაზე. ჩვენც გვინდა ჩვენს ქვეყანაში შევძლოთ ოჯახების რჩენა.
ახლა ღიმილით ვიხსენებ პირველ დღეებს უცხო მიწაზე. პირველი დასვენების დღეა. გამოვდივარ ახალ სამყაროში დაბნეული, ველოდები ტრანსპორტს, არც კი ვიცი სად, როგორ და თვალებით ქართველებს ვეძებ. (აქ მგონი იტალიელებზე მეტი ქართველები ვართ, სამწუხაროდ). და აი, მესმის ქართული საუბარი. მათკენ მივდივარ. თავადაც შემამჩნიეს და რომ მივუახლოვდი, ერთ-ერთი მათგანი შორიდან მეძახის:- შვილო, შენ პატრონი არ გყავდა აქ რომ გამოგიშვა? მივხვდი, რატომაც მითხრა ახლა უკვე ჩემმა ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა, რომელიც იმ დღიდან დღემდე დედობას მიწევს და არა მარტო ის, ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, უფროსი, უმცროსი, თანატოლი, გოგო, ბიჭი…

დღეს ყველანი ჩემი სამყაროს ნაწილი ხართ, დედები, დები, ძმები… მე არ მქონია ამხელა მხარდაჭერა ჩემს სამშობლოში არანაირ საქმეში, როგორც აქ, ამ მიწაზე, თქვენი წყალობით, ამიტომ მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ხართ და რომ არსებობთ, საერთოდ. მახარებს, რომ ამდენი ვართ. ერთადერთი ის არ მიხარია, რომ აქ ვართ ამდენი და არა ჩვენს სამშობლოში. თუმცა მოვა დრო და ჩვენც დავბრუნდებით,”- წერს ემიგრანტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები