წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 121 წელი შესრულდა

თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში დაიბადა. დედა — მარიამ სამადაშვილი  მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათი გვარი სამღვდელო ყოფილა.

დაწყებითი განათლება სამშობლოში, სასულიერო სემინარიაში მიიღო. 1918 წელს შევიდა ახლად გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

1921 წელს, იგი ძმებთან ერთად, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ბოლშევიკების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს ანექსიის შემდეგ მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფ. მანავში გაუშვა მასწავლებლად. იმავე წელს, ნიჭიერი ახალგაზრდა, საქართველოს ეკლესიამ თეოლოგიური ცოდნის მისაღებად გაგზავნა გერმანიაში, სადაც გრიგოლ ფერაძემ საფუძვლიანი  განათლება მიიღო.

1926 წელს მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იკვლევდა და აქვეყნებდა შრომებს ქართული ეკლესიის ისტორიაზე და წმინდანების ცხოვრებაზე,  16- მდე ენას დაეუფლა.

1929 წ. სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად, საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი ქართული მართლმადიდებელი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დააარსა. მიუხედავად სამშობლოში დაბრუნების მრავალგზის მცდელობისა, მან მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, რადგან საბჭოეთს თეოლოგები არ ჭირდებოდა…

1931 წელს გრიგოლ ფერაძე, პარიზის ქართული ემიგრაციის თხოვნით, ბერად აღიკვეცა და ქართული სამწყსოს სულიერი მოძღვარი გახდა. პარალელურად სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა. იგი ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალს “ჯვარი ვაზისა” გამოსცემდა და თანამშრომლობდა სხვა მეცნიერებთან, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილთან.

1933 წელს, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის – დიონისე ვალედინელის მიწვევით, გრიგოლ ფერაძე  ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის ფაკულტეტზე პროფესორი გახდა. 1934 წელს მან, ლონდონში   არქიმანდრიტის წოდება მიიღო და მიტრით შეამკეს.

ყოველ წელს, შვებულების პერიოდში, საკუთარი სახსრებით, მოგზაურობდა სამეცნიერო ექსპედიციებში: ავსტრიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში (ათონის მთაზე). 1936 წელს კი აისრულა დიდი ხნის ოცნება, იმოგზაურა წმინდა მიწაზე და სირიაში, სადაც არაერთი იშვიათი ქართული ძეგლი და ხელნაწერი აღმოაჩინა და შეისწავლა, რომელთაგან ბევრი დღეს უკვე აღარ არსებობს.

პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის გარდა, იგი როგორც პარიზში,  ასევე პოლონეთშიც, მრავალრიცხოვანი ქართველი ემიგრანტების და პოლონეთის არმიაში კონტრაქტით მომუშავე ქართველ ოფიცერთა კორპუსის სულიერ მოძღვარი გახდა. იყო პოლონელი სტუდენტების საყვარელი ლექტორი, დიდი პატივით სარგებლობდა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს წრეებში.

პოლონეთში ფაშისტების შესვლის შემდეგ, 1942 წლის მაისში, მან არ დატოვა ვარშავა, უარი თქვა ფაშისტებთან თანამშრომლობაზე და პროფაშისტურად განწყობილი ქართველების მხრიდან, პროვოკაციების და დასმენების შედეგად, მამა გრიგოლი გესტაპომ  დააპატიმრა. იგი მოხვდა ოსვენციმის, ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც 1942 წლის 6 დეკემბერს, 43 წლის ასაკში მოწამებრივად აღესრულა, მან სხვა პატიმრების გადასარჩენად ნებაყოფლობით გასწირა თავი.

მისი სახელი, საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის ყველამ იცის მის შესახებ.

1995 წლის 19 სექტემბერს, 25 წლის წინ, საქართველოს ეკლესიის სინოდმა, მამა გრიგოლ ფერაძე წმინდა მღვდელმოწამედ შერაცხა. მისი კანონიზება იმავე წელს აღიარა  პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

როგორც თავის ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია II  აღნიშნა – “გრიგოლ ფერაძე მე-20 საუკუნის საქართველოს საამაყო შვილთაგანია. იგი არის ქართველი ადამიანის, ქართველი ინტელიგენტის, მეცნიერის და ქართველი სასულიერო პირის სამაგალითო სახე. მან პირდაპირი მნიშვნელობით აღასრულა მაცხოვრის სიტყვები: “უფროის ამისა სიყვარული არავის აქუს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართათვისთვის. წმინდა გრიგოლ ფერაძემ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მისცა საუკეთესო მაგალითი ჭეშმარიტი სიყვარულის სიდიადისა.“

წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს, 6 დეკემბერს, ეკლესიებში პარაკლისი ტარდება.

გრიგოლ   ფერაძე იყო სრულიად ევროპის მოქალაქე, საქართველოს ღირსეული დესპანი ევროპაში. იგი საქართველოში დაიბადა, სწავლობდა გერმანიაში, მღვდლად ეკურთხა ინგლისში, მღვდელმსახურობდა საფრანგეთში, პედაგოგობდა გერმანიასა და პოლონეთში, საკუთარი სახსრებით აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს იერუსალიმში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, პალესტინაში და სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მის მეორე სამშობლოში პოლონეთში, სადაც 43 წლის ასაკში აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ისე რომ აუხდენელ ოცნებად ექცა სამშობლოში დაბრუნება.

გრიგოლ ფერაძე იყო დიდი პატრიოტი, დიდი მეცნიერი და დიდი სასულიერო მოღვაწე. მისი ემიგრაციაში ცხოვრების ყოველი დღე  საქართველოზე ზრუნვას ეძღვნებოდა. ყველა ქვეყნის არქივებში ეძებდა და ამუშავებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს.

გრიგოლ ფერაძე – ევროპის უდიდესი მეცნიერი არის.  მას მოუწია მოღვაწეობა ევროპის უდიდეს ორიენტალისტ მეცნიერებთან გერმანიაში, ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, რომლებიც დიდად აფასებდნენ მის ერუდიციას.  იგი იყო პატროლოგიაში ევროპის წამყვანი სპეციალისტი. ოცნებობდა პატროლოგიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა სარწმუნოებების თეოლოგების: მართლმადიდებლობის, კათოლიკების და პროტესტანტების ნაშრომებზე დამყარებული ერთგვარი სინთეზი იქნებოდა.

გრიგოლ ფერაძე ნაშრომებს ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო და პოპულარულ მედია საშუალებებში აქვეყნებდა. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივით (იან მალიცკი, პროფესორი დავით ყოლბაია) და დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის მონაწილეობით მისი ნაშრომების შეგროვება და ოთხტომეულად გამოცემა მოხერხდა. ამჟამად, ორი ტომი უკვე ქართულადაც არის თარგმნილი.

მამა გრიგოლი  უდიდესი  – სასულიერო მოღვაწე იყო. იგი სულით და ხორცით მართლმადიდებელი იყო. როგორც თავად წერდა:  ”მართლმადიდებლობა არის და იქნება უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია; ამ განძისათვის მსხვერპლად ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცხყოფას და თვით სიკვდილს, ფუფუნებას – თუ გნებავთ პოლიტიკურ სარგებლობასაც. მართლმადიდებლობა არის თვითღირებულება – მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც.”

რატომ უყვართ ასე გრიგოლ ფერაძე პოლონეთში? – იგი იყო უბრალო და სიკეთით აღსავსე პიროვნება. გამორჩეულად უყვარდათ სტუდენტებს – მეგობრობდა მათთან. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა პოლონეთის სასულიერო პირთა შორის. 1939 წელს 8 სექტემბერს მან არ დატოვა ვარშავა: ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ქომაგობდა ებრაელებს, დაბომბვის პერიოდში აზიარებდა მიცვალებულებს, უვლიდა დაჭრილებს, ეწეოდა ფაშისტების საწინააღმდეგო პროპაგანდას. იყო პოლონეთის ღირსეული მოქალაქე, პატრონობდა ფაშისტების მიერ დაპატიმრებულ მიტოპოლიტ დიონისე ვალედინსკის, იყო ქართველების სათვისტომოს სულიერი მამა; აღდგომის და შობის დღესასწაულებზე მათთვის ქართულად წირავდა.

საქართველოში მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა მასზე ოფიციალური ინფორმაციები. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II, სპეციალურად გაგზავნა ეროვნული მოძრაობის ცნობილი წევრი  ზურაბ ჭავჭავაძე პოლონეთში მასალების ჩამოსატანად. პოლონეთში ყოფნისას, ზურაბი გაეცნო მამა გრიგოლის შესახებ მასალებს, რომელსაც მისი ბიოგრაფი მამა ჰენრიკ პაპროცკი აგროვებდა. ამ მასალებზე დაყრდნობით, რეზო თაბუკაშვილმა დაიწყო ფილმის გადაღება, რომელიც შემდგომ მისმა მოწაფემ, წარმოშობით პოლონელმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ დაამთავრა.

გურამ შარაძემ გამოაქვეყნა მამა ილია მელიას და ვიქტორ ნოზაძის წერილები გრიგოლ  ფერაძეზე. ეს ის ილია მელიაა, რომელიც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიას მამა გრიგოლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში და მანვე თხოვა პარიზში ჩასულ მამა ჰენრიკ პაპროცკის პოლონეთში მოეძია მასალები გრიგოლ ფერაძეზე.

90-იან წლებში ქართულად გამოქვეყნდა გრიგოლ ფერაძის ნაშრომი: “უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ”. მარტო ეს ნაშრომიც იკმარებდა, რათა გრიგოლ ფერაძე უდიდეს მეცნიერად ეცნოთ. გოჩა ჯაფარიძის  რედაქციით გამოცემულმა ამ ნაშრომმა დიდი  როლი ითამაშა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვაში.

2003 წელს გრიგოლ ფერაძის კავშირი(საზოგადოება) შეიქმნა. კავშირის საპატიო თავმჯდომარეა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც, ასევე, 1998 წელს პოლონეთში შექმნილი წმ. გრიგოლ ფერაძის სასულიერო საძმოს საპატიო თავმჯდომარე არის.

13 სექტემბერს 121 წელი სრულდება  გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან, ბაკურციხის წმ.გიორგის ეკლესიაში  საზეიმო ლიტურგია ჩატარდება და ეკლესიის ეზოში, მის სახლ-მუზეუმში, წმ.გრიგოლ ფერაძის კავშირი წარმოადგენს სლაიდ-შოუს:  “აქ დაიბადა წმინდანი”. ამავდროულად 19 სექტემბერს სრულდება 25 წელი მისი წმინდანად შერაცხვიდან, რომელიც  20 სექტემბერს აღინიშნება, კვირას, თბილისის სიახლოვეს, მის სახელზე კოჯორთან მშენებარე, ჩერონის ეკლესიაში.

წმ. გრიგოლ ფერაძის კავშირი გეპატიჟებათ ყველას ამ საზეიმო ღონისძიებებზე.

მასალა მოგვაწოდა გრიგოლ ფერაძის კავშირის დამფუძნებელმა ბატონმა ილია ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები