“94-ე სართულზე შეწყვეტილი სიცოცხლე”- ვინ იყო 11 სექტემბრის ტერაქტის თბილისელი მსხვერპლი 

“მსოფლიო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო” – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები არაერთხელ გვსმენია. ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 19 წელი გავიდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა შორის თბილისელი, ალექსანდრე ლიგინიც იყო.

ალექსანდრე 1973 წლის 16 იანვარს დაიბადა თბილისში. 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მესამე კურსზე სწავლისას, ამერიკული კომპანიის Sistems Inc-ის პრეზიდენტის რჩევით მუშაობა კომპანიის პროგრამისტად დაიწყო. მალევე მიაღწია წარმატებას. 2001 წლის თებერვლიდან Cantor Fitzgerald-ის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. მას ასევე იტაცებდა ფოტოგრაფია. 2000 წელს ამერიკული ჟურნალის Today’s Photography ფოტოკორესპონდენტიც გახდა.

22 წლის ასაკში, ამერიკაში სასწავლებად ჩამოსული თბილისელი ბიჭის ცხოვრება მოულოდნელად, 28 წლის ასაკში დასრულდა. “საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა, ყველაფერი მოესწრო. მის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთითა და სიყვარულით ავსებდა” – ასეთი წინასიტყვაობა ახლავს ამერიკაში გამოცემულ წიგნს ალექსანდრე ლიგინზე “შეწყვეტილი ფრენა”. ჩვეულებრივი სამუშაო დღე ტრაგედიით დასრულდა. 11 სექტემბრის დილას, სამსახურში მისული ალექსანდრე, 104-ე სართულზე მუშაობდა, 94_ე სართულზე გადაწყვიტა ჩასვლა სიგარეტის საყიდლად, როცა მოულოდნელად ლიფტი გაჩერდა, უკვე ისმოდა განგაშის სიგნალების შემზარავი ხმა.. რამდენიმე დღით ადრე, ალექსანდრემ მეგობარს მოუყვა სიზმარი, რომელიც მანამდე ესიზმრა და სიზმარშიც 94_ე სართულზე იჭედებოდა ლიფტში.

ალექსანდრეს საცოლე ჰყავდა, ერთ თვეში, 20 ოქტომბერს ქორწილი იყო დაგეგმილი, 11 სექტემბერს კი უდანაშაულო ადამიანი ბოროტების მანქანამ შეიწირა..

ალექსანდრეს მამა, ცნობილი ფიზიკოსი ვლადიმირ ლიგინი, მალევე გადაჰყვა ამ ტრაგედიას და სამხრეთ კაროლინაში დაიღუპა. დედა, მუსიკის პედაგოგი, ვალენტინა ლიგინა კი აგრძელებს ცხოვრებას საშაზე მოგონებებით.

გიორგი ნიკოლაიშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები