აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

აჭარაში გიდების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება –  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდებისთვის დროებითი დასაქმების პროექტი დაიწყო. პროექტი, რომელშიც რეგიონში მოქმედი 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული, ერთი მხრივ, გიდების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გიდების დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს კოვიდის პერიოდში სერვისების უსაფრთხოდ გაწევასთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციებს. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში. გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ გიდების მხარდაჭერას. პროგრამის პირველ ეტაპზე მათ კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩავუტარეთ და გადავეცით კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები. ახლა კი ვიწყებთ დასაქმების პროგრამას, რომელშიც 25 პროფესიონალი გიდია ჩართული. ჩვენი მიზანი პანდემიის პირობებში მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა და ამავდროულად, კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის ინფორმაციული მხარდაჭერაა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიცვათ სტანდარტები და ვუზრუნველყოთ ერთმანეთის უსაფრთხოება. გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მზაობას პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ უმასპინძლონ ტურისტებს.  ჩვენ გიდების მხარდაჭერის პროგრამას ამით არ ვასრულებთ და ეტაპოპრივად მათ, სხვადასხვა პროექტებს შევთავაზებთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები