„მრავალფეროვანი მსოფლიო“ – საქართველო პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

2020 წლის 5-9 სექტემბერს პეკინში გაიმართა რიგით მე-5 საერთაშორისო კულტურული გამოფენა „მრავალფეროვანი მსოფლიო“ (The 5th Colorful World Beijing International Culture Exhibition), რომელიც ორგანიზებული იქნა პეკინის საერთაშორისო კულტურული გაცვლების ცენტრის და პეკინის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა ოფისის მიერ. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტსა და საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საგამოფენო სივრცეში ორგანიზებული იქნა საქართველოს საელჩოს პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული ღვინო და მინერალური წყალი. ქართული პროდუქცია წარმოადგინა კომპანია “SATAVADO”-მ, რომელსაც ჩინურ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, ხოლო მისი პროდუქცია მზარდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივთა შორის. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელმა, ბ-მა ლევან თავაძემ დამსწრე საზოგადოებისათვის გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს, ქართული პროდუქციისა და ჩინეთში მისი ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ.

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წელს საქართველოს ექსპორტი ჩინეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დიდწილად ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის მოქმედმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. კერძოდ, დღეის მონაცემებით, საქართველოს წლევანდელმა ექსპორტმა ჩინეთში უკვე 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები