საქართველო ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება. –  აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ვებგვერდზე.

ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

ოლიმპიადა 2 სექტემბერს 16:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.

წელს საქართველომ ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა 6 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები