“ჩვენ გამო 14-ჯერ დახურეს ფარდა, მაყურებელი არ გვიშვებდა” – ფრიდონ სულაბერიძის ცეკვა ლა-სკალას თეატრში

1967 წელს, როცა ქართული ცეკვის ანსამბლი ლა-სკალას თეატრში გამოვიდა, ფარდა 14-ჯერ აიწია. აღფრთოვანებული მაყურებელი ვერ ელეოდა საოცარ ხელოვნებას – ეს კარუზოს  შემდეგ, ყველაზე წარმატებული  გამოსვლა იყო ლა-სკალას თეატრში. 

ფრიდონ სულაბერიძის ინტერვიუდან:

” ყოველთვის ცეკვა „ქართულს“ ვასრულებდი და ისეთი პარტნიორები მყავდა, მაგალითად, როგორიც იყო, იამზე დოლაბერიძე. ცეკვა „ქართული” ძალიან ღრმა შინაარსისაა, ურთულესია. ეს არის სიყვარულის პოემა, როგორ აწონებს ვაჟი ქალს თავს, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულს მოგვაგონებს. გრიგოლ რობაქიძემ სწორად თქვა, გენი არ ეყოფა სხვას, ქართული ცეკვა რომ შეასრულოსო. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, სუხიშვილების ანსამბლი, ჟენევაში გამოვდიოდით თეატრ „კაზინოში“.

თურმე, გრიგოლ რობაქიძე  პარტერში იჯდა, ეს ჩვენ არ ვიცოდით. 2 000-კაციანი დარბაზი სულ სავსეა ხალხით, ისეთი სიწყნარეა, ბუზის გაფრენის ხმა ისმის და შუა კონცერტის დროს გვესმის ყვირილი: გაუმარჯოს საქართველოსო. ზუსტად სამჯერ გავიგეთ ეს ხმა, რომელიც დღესაც ყურებში მაქვს და არ გამომდის. ეს ადამიანი გრიგოლ რობაქიძე იყო. ამის შემდეგ დაიწერა არაჩვეულებრივი კრიტიკა ქართულ ცეკვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გვეცეკვა ამდენ ხალხში, ამხელა კაცს ყვირილი რომ დაეწყო.

აი, აქ ჩანს ჩვენი სული, ჩვენი ქართველობა. „ლა სკალაში“ 14-ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა, ბოლოს ადმინისტრაცია გამოვიდა და თქვა, ასეთი წარმატება, ამ სცენაზე, მხოლოდ კარუზოს ჰქონდაო. იქ ფოლკლორული ცეკვის ანსამბლის გამოსვლა ვერ წარმოედგინათ, არ იცოდნენ რას გავაკეთებდით, ჩვენ ხომ ბალეტს და კლასიკას არ ვცეკვავდით. მთელი ელიტა ესწრებოდა ამ კონცერტს და გვაკვირდებოდნენ ვინ ვიყავით, რა გვინდოდა. კონცერტი რომ კულმინაციისკენ წავიდა, გაგიჟდნენ. სცენის წინ საორკესტრო რომ არ ყოფილიყო, ყველა ამოვიდოდა. ეს იყო საზოგადოება, რომელიც ზედმეტად ერთხელაც არ დაგიკრავს ტაშს. თუ არ მოეწონება შესრულება, იმ წუთშივე დატოვებს დარბაზს.

ჩვენ გამო კიდევ 14-ჯერ დახურეს ფარდა, მაყურებელი არ გვიშვებდა. ვინც ორგანიზატორობას უწევდა ჩვენს ანსამბლს, კონცერტის დაწყების წინ გული წაუვიდა. ტურნე იტალიის გარშემო იწყებოდა და აქ თუ ჩავვარდებოდით, ვერც სხვაგან მოვიპოვებდით წარმატებას. თუმცა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და დილით დამატებითი კონცერტი დაგვინიშნეს.  ამის შემდეგ, გვეგონა, საქართველოში რომ ჩამოვიდოდით, ხელში აგვიყვანდნენ, მაგრამ არავინ დაგვხვდა აეროპორტში, არც შეფასება გაუკეთებიათ. ეს ძალიან ადრე, კომუნისტების დროს იყო.”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები