საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები შემოიღო, რომელიც ქვეყნის 30 მთავარ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქში ავტომობილით შესვლასა და გამოსვლას კრძალავს. ამასთან, იზღუდება მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილებაც:

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, 4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში იკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:

1. ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქ. ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;
2. თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;
3. ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;
4. პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3-ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08 “- ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები