ცურვა ოკეანეში ნაცრისფერ ვეშაპებთან ერთად და  ქართველი ქალისა და მისი ოჯახის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გემზე 

ცურვა ოკეანეში ვეშაპებთან და დელფინებთან ერთად, გემი, რომელზეც 3 ადამიანი და 2 ძაღლი ცხოვრობს და შტურვალი, რომელსაც “ლამაზია” მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიჰყავს იმისათვის, რომ ირმამ, ანაბელმა და რალფმა საოცარი სანახაობა იხილონ და წარმოუდგენელი ემოციები შეიგრძნონ. 

ესაა ამბავი ქართველ ქალზე, რომელიც წლებია, გემ “ლამაზიაზე” ოჯახთან და 2 ძაღლთან ერთად ცხოვრობს.  “ნალა ხაშურსკი” ხაშურიდანაა, ძაღლი პირდაპირ ქუჩიდან, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის იშვიათი ბედნიერება ხვდა წილად და ახლა იგი ხან კაიუტაში ტკბება ცხოვრებით, ხანაც სერფინგის დაფაზე მოკალათდება. 

ანაბელი განათლებას სახლში, უფრო სწორედ კი გემბანზე იღებს. მისი “სკოლა” ჩვეულებრივისაგან ძალიან განსხვავდება: გეოგრაფიას საკუთარი მოგზაურობის მარშრუტით სწავლობს, ისტორიას კი თანდათან, იმ ქვეყნებისას ეუფლება, რომლის ნავსადგურშიც “ლამაზია” ღუზას ჩაუშვებს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ღუზა საფრანგეთთან ჩაეშვა – “ლამაზია” შემდგომ მოგზაურობამდე სათანადო ტექნიკურ მზადყოფნაში რომ იყოს. მანამდე კი ეკიპაჟის წევრებს საკმარისი დრო აქვთ, გადაწყვიტონ,  მსოფლიოს წრეზე შემოუარონ თუ მათთვის სასურველი მარშრუტი – სამხრეთ ამერიკა მოიარონ. 

მანამ, სანამ ზურგის ქარი “ლამაზიას” ვექტორსა და ტრაექტორიას განსაზღვრავს, შტურვალს ცოტა ხნით მოშორებული ეკიპაჟი “ქართულ კვირასთანსაუბრისთვისაც იცლის. 

_ თქვენ შესახებ მოგვიყევით – ვინ ხართ, ვისგან შედგება თქვენი ოჯახი?

_ ოჯახში ვართ სამნი: რალფი, ირმა და 10 წლის ანაბელი + ორი ძაღლი (მამბო და ნალა), მათ შორის ერთი – „ნალა ხაშურსკი“ საქართველოდან არის. სულ პატარა რამოდენიმე კვირის  ხაშურში შუა გზაზე დაგდებული ვიპოვეთ. თავდაპირველად გაჩუქებას ვაპირებდით, რადგან უკვე გვყავდა  პატარა მამბო, რომელიც ზომით პატარაა და ყველგან იოლად შეგვეძლო გვემოგზაურა მასთან ერთად. ნალამ ყველას მაშინვე შეაყვარა თავი და ასე აღმოჩნდა ჯერ ამერიკაში და შემდეგ კი გემ „ლამაზიაზე.“

სხვათაშორის, როდესაც ცუგები სასეირნოდ გაგვყავს, ყოველთვის გვაჩერებენ და ნალას ჯიშსა და წარმომავლობას გვეკითხებიან – მიუხედავად იმისა, რომ ის უბრალო ძაღლია ქუჩიდან, მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე „ჯიშიანი“ მამბო. რალფი წარმოშობით ტეხასელია, თუმცა მთელი ცხოვრება მოგზაურობდა და ბევრ ქვეყანაში უცხოვრია. ანაბელი სან ფრანცისკოში დაიბადა, თუმცა პირველი 4 წელი საქართველოში – ბებოსთან და ბაბუსთან გაატარა.

_ როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე ?

_ სრულიად შემთხვევით. 11 წლის წინ მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. დოქტორანტურის ბოლო წელი იყო და ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა. კვირა დღე იყო და ზუსტად 45 წუთი მქონდა რეპეტიციებს შორის. ამ 45 წუთს ყოველთვის ჩემს საყვარელ წიგნების მაღაზიაში არსებულ კაფეში ვატარებდი. ყავას ვსვამდი, როდესაც რალფი მოვიდა და გაცნობა მთხოვა. გავიცანით ერთმანეთი, ტელეფონის ნომრებიც კი გავცვალეთ, თუმცა იქვე გავაფრთხილე, რომ მომავალი 2 თვის განმავლობაში დრო არ მქონდა, რადგან გასტროლებისათვის ვემზადებოდი და ჯობდა, 2 თვის შემდეგ დაერეკა. მართლაც, ზუსტად 2 თვის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, რალფს გაახსენდა დათქმა და დამირეკა…

_ როგორ და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებლად გემზე გადასულიყავით? მანამდეც გქონდათ რაიმე კავშირი ზღვასთან ან ოკეანესთან?

_ გემზე არათუ ცხოვრება, გემზე ასვლაც კი, მართალი გითხრათ, არათუ არ მხიბლავდა არასოდეს, არამედ საშინლად მაშინებდა კიდეც. რალფს წარსულში უცხოვრია გემზე (სიეტლში ცხოვრებისას) და როდესაც შევხვდი, მაშინაც ჰქონდა გემი – უყვარს ძალიან გემი, ოკეანე…

გადაწყვეტილება 2017 წლის გაზაფხულზე მივიღეთ. კორპორატიული ცხოვრებით, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით, უზომო სტრესისა და უძილობისაგან გადაღლილები ვიყავით. ბავშვთან დასაყოფად დრო ნაკლები გვქონდა და სულ სამსახურზე ვიყავით ინტერნეტით შეერთებულები, მაშინაც კი, როდესაც მთელი ოჯახი ვმოგზაურობდით. თავდაპირველად ეს ოცნება იყო… შემდეგ კი გეგმაც ჩამოყალიბდა. გეგმაში გვქონდა სამხრეთ ამერიკის მოვლა პატარა მინივენით, ჩემი ოცნება იყო (და არის) ეს მოგზაურობა, რომელიც რამოდენიმე წელს გასტანს და რომლის დროსაც შევძლებთ გავჩერდეთ იქ, სადაც მოგვეწონება და ვიცხოვროთ, გავეცნოთ ადგილობრივ კულტურასა და ისტორიას, შევისწავლოთ ენა. სამწუხაროდ, მინივენით სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში შესვლა და მოგზაურობა საშიშია იქაური/ ადგილობრივი კრიმინალის გამო, ამიტომ ერთ-ერთი გრძელი სამუშაო დღის ბოლოს, რამოდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ, რალფმა ისევ გემის თემა შემომთავაზა. ამჯერად იმდენად გადაღლილი ვიყავი და ისე მინდოდა ამ ოცნების შესრულება, რომ დავთანხმდი ამ იდეაზე, მიუხედავად იმისა, რომ წყლის საშინლად მეშინია და ცურვაც არ ვიცი. სულ რაღაც ერთ თვეში გემი არჩეული გვქონდა და კარიბის კუნძულებზე მის სანახავად გავემგზავრეთ. გემისათვის დაფინანსების მოძიება ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესი იყო, თუმცა ესეც გადავლახეთ და მალე, რალფმა „ლამაზია“-ს კალიფორნიისაკენ წამოყვანა დაიწყო.

მთელი ზაფხული მოდიოდა ლამაზია – უამრავი ქარიშხალი, კუნძული გამოიარა…პანამის არხის გავლით მთელი ცენტრალური ამერიკა და მექსიკა გამოიარა და საბოლოოდ სან დიეგოში გაჩერდა, სადაც მე, ანაბელი და ძაღლები ოქტომბრის ბოლოს შევუერთით და ის ჩვენს ახალ სახლად დავარეგისტრირეთ.

_ როგორი იყო თქვენი ოჯახისა და მეგობრების რეაქცია ? –  საქართველოში ხომ მსგავს იდეებს სკეპტიკურად უყურებენ…

_ საკმაოდ მწვავე რეაქციები ჰქონდათ ოჯახის წევრებს, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მეტ „გართულებას“ ველოდი. მთელი ცხოვრება მოგზაურობასა და სხვადასხვა ქვეყანაში სწავლასა და ცხოვრებას მოვანდომე და ალბათ იმუნიტეტიც გამოუმუშავდათ ჩემს არაორდინალურ ცხოვრებისეულ თავგადასავლებსა თუ გადაწყვეტილებებზე.

მთავარი პრობლემა, რასაც ყველა აღნიშნავდა და დღემდე ყველა მეგობარი თუ ოჯახის წევრი განიცდის – ანაბელია…უამრავი კითხვა ჩნდება, როდესაც საქმე 10 წლის გოგონას ეხება. მისი ცხოვრება მრავალფეროვანია, მას ბევრი ისეთი რამ გამოუცდია, რაც ბევრი ზრდასრულებისთვისაც უცხოა, თუმცა, მეორეს მხრივ, სავარაუდოდ, ისეთი რამ აკლია, რაც მისი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების ნაწილია.

_ გემზე ახალი ცხოვრების დაწყევა მარტივი არ იქნებოდა… 

_ გემზე ყოველდღიური ცხოვრება ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ყოველდღიურად რაღაც ფუჭდება, ყოველდღიურად საჭიროებს ყველა ტექნიკის, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა მოწყობილობების შემოწმებასა და შეკეთებას. ყველაფერი ლიმიტირებულია: წყალი, შუქი… შუქს მზის პანელებით გამოვიმუშავებთ, თუმცა, ბევრს ვერა და ამიტომ ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით მის ფუჭად დახარჯვას. ინტერნეტი ლიმიტირებულია და ხშირად არ მუშაობს; ტელევიზორი არ არსებობს – არც მანამდე გვქონია, ამიტომ დიდად არ განვიცდით; წყალიც ლიმიტირებულია  – სასმელი წყალი ოკეანის წყლიდან გამოგვყავს რალფის მიერ გაკეთებული სპეციალური დანადგარის საშუალებით. საკვების შესანახად ძალიან პატარა მაცივარია (ისიც თუ შუქი გვაქვს) ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ და დავგეგმოთ.

სათავსო ადგილი ცოტაა – მიუხედავად იმისა, რომ „ლამაზია“ საკმაოდ დიდი გემია. რა თქმა უნდა ძაღლების გემზე ყოფნა, მათი სასეირნოდ გაყვანაც დიდი ძალისხმევას საჭიროებს. თუ ღუზა გვაქვს ჩაშვებული, ნაპირზე გასასვლელად პატარა კატერის გამოყენებაა აუცილებელი – ეს კი საკმაოდ რთულია პატარა ანაბელისა და ჩემთვის, რადგან კატერი საკმაოდ მძიმეა და ამავდროულად ჩქარი – ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთვის ის ბუნებრივი მოვლენები, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით – ქარი, დიდი ტალღები და ასე შემდეგ… ესეც, რა თქმა უნდა, დისკომფორტს იწვევს. ის ელემენტალური კომფორტი, რაც სახლში ყველას გვაქვს, გემზე არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, გემზე ცხოვრება უაღრესად საინტერესოა. ყოველდღიურად ოკეანის ბინადრების დანახვა, მათთან ურთიერთობა…ვეშაპები, დელფინები, ზღვის ლომები…ულამაზესი თევზები, დილის ულამაზესი მზე და ენით აღუწერელი მზის ჩასვლა ყველაფერს გვავიწყებს… გვიხარია ის, რომ გემზე  ცხოვრებამ მეტი დრო მოგვცა ერთად გასატარებლად. „ლამაზიაზე“ ყველას თავისი საქმე და როლი აქვს და საღამოს ყველა ერთად ვემზადებით სადილისათვის და რამოდენიმე საათს მაგიდასთან ვატარებთ. ანაბელი გვიყვება მის მიერ წაკითხული წიგნების შესახებ (ყოველდღიურად რამოდენიმე წიგნს კითხულობს);

ერთად ვაგეგმარებთ ოკეანეში გასვლას. ოჯახის სამივე წევრს თანაბრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება. ასევე ძალიან დიდი სტიმულის მომცემია მეზღვაურ ოჯახებსა და ადამიანებთან ურთიერთობა. ისინიც ხომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან, უაღრესად საინტერესო ცხოვრებითა და თავგადასავლებით, რომლებმაც ჩვენსავით არჩევანი გააკეთეს და მიწაზე ცხოვრების კომფორტსა და ფინანსურ სტაბილურობას თავგადასავლებით სავსე, უამრავი პრობლემითა და გამოწვევით სავსე, სახიფათო ყოველდღიურობა ამჯობინეს. ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ბევრი საინტერესო საღამო გავატარეთ მათთან ერთად და ბევრი რამ ვისწავლეთ მათი გამოცდილებისაგან.

_ რატომ დაარქვით გემს „ლამაზია“?

_ ძალიან მინდოდა ქართული სიტყვა გამომეყენებინა გემის სახელში. ძალიან მომწონს გემი, მართლაც ლამაზია ჩვენი „ლამაზია,“ თანაც ისეთი სიტყვაა, ვიფიქრე ყველა ენაზე შეძლებდნენ მის გამოთქმას ყოველგვარი დამახინჯების გარეშე.  თუმცა ასე მარტივად მაინც არ არის საქმე.

ერთელ წყნარ ოკეანეში ყოფნისას ცენტრალური ამერიკიდან ჩრდილოეთით, გვატემალაში მივდიოდით. როდესაც საერთაშორისო წყლებში ხარ და ახალ ქვეყანას უახლოვდები, აუცილებლად უნდა დაუკავშირდე პორტის კაპიტანს და გემის და გემზე მყოფების შესახებ ინფორმაცია გადასცე. ეს ყველაფერი რაციის მეშვეობით ხდება. მოგეხსენებათ, რაციაზე ხმის ხარისხი მერყეობს და ხშირად ძალინ დაბალია… ჩვენმა კაპიტანმა ყველა წესის დაცვით მიაწოდა ინფორმაცია პორტის კაპიტანს და როდესაც პორტში შევიდა, იქ დაახვედრეს გემის საბუთები გამზადებული, სადაც გემს  „ლამაზია“ – ს ნაცვლად „ლა მაფია“ (ანუ მაფია) ერქვა…

_ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობთ – მოგვიყევით ემოციებისა და იმ ადგილების შესახებ, რომელთა ნახვაც უკვე მოასწარით

_ კორტეზის ზღვაზე მდიდარი და საინტერესო ჯერჯერობით არაფერი გვინახავს. 3 კვირა გავატარეთ სრულიად მარტო, უკაცრიელი კუნძულების მონახულებაში. კორტეზის ზღვა მექსიკაშია, უმდიდრესი ფლორა და ფაუნა აქვს და ასობით ულამაზესი, უკაცრიელი კუნძულიც გააჩნია.

2019 წლის 1 იანვარს ერთ-ერთ ესეთ კუნძულთან შევხვდით. სტუმრად გემზე ჩვენი წყალქვეშა ყვინთვის (დაივინგის) მასწავლებელი გვყავდა. ახალი წლის პირველ დღეს კი ზღვის ლომებთან ერთად წყალქვეშა ცურვით შევხვდით. მხოლოდ გემზე ცხოვრებისას არის შესაძლებელი გარეული ბუნების ნაწილი გახდე და მისი პულსი შეიგრძნო. ამ გრძნობას კი ვერაფერი შეედრება.

საინტერესო თავგადასავალი ყოველდღიურად გვაქვს, ამ მხრივ ნამდვილად განებივრებულები ვართ. მიჭირს ერთის გამოყოფა, თუმცა ალბათ ყველაზე ბოლო თავგადასავალს გავიხსენებდი. მექსიკაში ჩასვლისთანავე „მეზობელი“ გემის პატრონმა გვითხრა, რომ ბახა კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში (მექსიკის ნაწილია) არის რამოდენიმე დაცული ლაგუნა, სადაც ალიასკიდან ნაცრისფერი ვეშაპები ჩამოდიან ზამთარში, რათა პატარები ამ დაცულ წყლებში გააჩინონ და 2 თვის განმავლობაში გამოზარდონ. თურმე, იქ შესაძლებელია შეხვიდე ლაგუნაში პატარა ნავით და ვეშაპებს მოეფერო… არ გვჯეროდა, თუმცა მეორე დილითვე წავედით, 10 საათის შემდეგ კი მივედით და მართლაც რომ მეორე დღეს გვერგო წილად ბედნიერება, ლაგუნაში შევსულიყავით. უძლიერესი მკვლევარი გვყავდა გიდად, რომელმაც უამრავი რამ გვასწავლა ვეშაპების შესახებ. როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია, როგორ უნდა მოვქცეულიყავით…

მართლაც, ჩვენი პატარა ნავი მაშინვე იქნა გარშემორტყმული უამრავი დედა-შვილი ვეშაპით. აქვე ვიტყვი, რომ დედა 70 ტონას იწონის ხოლო ახალდაბადებული დაახლოებით 30-ს, ანუ თავიდან, რა თქმა უნდა, შიშის გრძნობა გეუფლება… ვაითუ კუდი მოხვდეს ამ პატარა ნავს – ეგრევე ჩავვარდებით. თუმცა მალევე ხვდები, რომ ისინი უაღრესად კეთილგანწყობილები არიან ადამიანების მიმართ… დედები პატარებს უბიძგებენ ნავისაკენ, რომ ადამიანების მოფერება ისწავლონ… ისინი თითქოს „დამალობანას“ გეთამაშებიანანაბელისათვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ეს ერთ-ერთი იმ თავგადასავლებითთაგანია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება…ვეშაპის მოფერება, მათთან წყალში ყოფნა საოცარი შეგრძნებაა.

_ ოდესმე შავი ზღვის აკვატორიას თუ ესტუმრება „ლამაზია“?

_ შავი ზღვა ჯერჯერობით გეგმებში არ არის.  დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – დავიწყოთ სამხრეთ ამერიკისაკენ მსვლელობა და ოცნების ასრულება თუ წრე დავარტყათ დედამიწას. ზოგადად ყველა დედამიწაზე წრის დარტყმას ირჩევს, რადგან ნაკლებად საშიშია, ამინდიც თბილი და ნაკლების სიურპრიზებით. სამხრეთ ამერიკა  კი ურთულესია… სავსეა შიდა დინებებით, უცაბედი ჰავისა და ქარის მიმართულების ცვლილებებით და ოკეანეების შერწყმა კი ცალკე უზარმაზარ და კომპლექსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუმცა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ისტორია, არქეოლოგია მეტად გვაინტერესებს. შევაფასებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებასაც. დიდ გადაწყვეტილების მიღებამდე, აპრილის თვეში ვგეგმავთ მექსიკის სანაპიროების დალაშქვრასა და გვატემალაში დროებით გაჩერებას.

ბოლო რამოდენიმე თვეა „ლამაზია“ რემონტის/ შეკეთებების რეჟიმშია და შესაბამისად, ჩვენც ხმელეთზე მოგვიწია ცხოვრება. თუმცაღა ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. რამოდენიმე თვე საქართველოში დავყავით, ახლა კი საფრანგეთში ვართ,  სადაც ანაბელი ადგილობრივ სკოლაში დადის და ფრანგულ ენას ეუფლება. იმედი გვაქვს,  რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენს „ლამაზიას“ და დასახულ გეგმებსაც განვახორციელებთ.

_ თქვენს ქალიშვილზეც გვიამბეთ – საინტერესო და უჩვეულო ცხოვრება აქვს, თანატოლებისაგან გამორჩეული. როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს?

_ მას შემდეგ, რაც გემზე ცხოვრება გადავწყვიტეთ,  ყველაზე დიდი გამოწვევა ანაბელის სკოლასა და განათლებასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მეშინოდა და განვიცდიდი  ამხელა პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს თავზე. მთელი ზაფხული ვიკვლევდი, უამრავ კრუიზერ ოჯახს დავეკონტაქტე, რათა მათგან გამეგო ამ პრობლემას როგორ აგვარებენ. მალე ძალიან კარგი პროგრამა მოვიძიე. სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სკოლა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისათვის. ინტერნეტის  პრობლემა გვაქვს ხოლმე, თუმცა მაინც ვახერხებთ ამ ინტერნეტსკოლის პროგრამის გავლას მათემატიკასა და ინგლისურ ენა/ლიტერატურაში. ანაბელს კითხვა ძალიან უყვარს, წერასაც 4 წლიდან ვაიძულებდით… ის ყოველთვის წერდა დღიურებს და ამის შედეგად საკმაოდ წინ წავიდა ამ მიმართულებითაც. ის ცხოვრებიდან გამომდინარე სწავლობს ისეთ საგნებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია… რალფი მას მუდმივად უხსნის ყველაფერს. ისტორიას, ანატომიას, ბიოლოგია-ზოოლოგიას კი ჩემთან გადის.

გვაქვს უამრავი წიგნი და აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ერთად ვმეცადინეობთ – ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ასევე, ახლახანს შევიძინეთ დიდი მიკროსკოპი, რომლის მეშვეობითაც არა მარტო ბუნების შესწავლას შევძლებთ, არამედ მას მედიცინის მხრივაც გამოვიყენებთ. რალფმა უკვე დაიწყო შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ვირუსისა და ბაქტერიების ამოცნობა და განსხვავება…ისტორიას პროგრამის მიხედვით არ გავდივართ, სადაც ვართ იმ ქვეყნის ისტორიას ვსწავლობთ. მაგალითად მექსიკაში მაიასა და ინკას ცივილიზაციებზე გვექნება გაკვეთილები. ანაბელი ასევე სწავლობს ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. როდესაც რომელიმე ქალაქსა თუ ქვეყანაში 1 თვით ან მეტით ვრჩებით, ყოველთვის ვცდილობთ, ის ადგილობრივ სკოლაში მივიყვანოთ, რათა შეისწავლოს ენა, გაიჩინოს ადგილობრივი მეგობრები და გაეცნოს მათ კულტურასა თუ ადათ-წესებს. სწავლებისათვის არ გაგვაჩნია წინასწარ განსაზღვრული საათები… ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ სად ვართ, რა სიტუაციაა, რა ხდება გემზე… არის შემთხვევები, როდესაც მთელი დღეები ვმეცადინეობთ, თუმცა მეტი დღეები, როდესაც მხოლოდ რამოდენიმე საათი გვაქვს ფორმალური სკოლის საათები და დანარჩენი დრო კი  ცოდნის არაპირდაპირ მიღებას ეთმობა.

რაც შეეხება მის სოციალიზაციას, გაგვიმართლა,  რომ ანაბელი ძალიან ღია და გახსნილი ბავშვია ბუნებით. სადაც არ უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა ენა – ის ყოველთვის შეიძენს მეგობრებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჰყავს რამოდენიმე მეგობარი ყოფილი სკოლიდან, რომლებთანაც ურთიერთობას ინარჩუნებს. გაგვიმართლა, რომ ამ მეგობრების მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბავშვების მეგობრობა და ისინი ხშირად გვსტუმრობენ „ლამაზია“-ზე. როგორც გითხარით,  ბევრი კრუიზერი ოჯახია და არსებობს როგორც აპლიკაციები, ასევე ჯგუფები სოციალურ მედიაში, სადაც მშობლები ვთანხმდებით რომ ამა თუ იმ ადგილას დავთქვათ შეხვედრა და დავრჩეთ გარკვეული დროით ზუსტად ბავშვების გამო… ასევე ხშირია გემებზე მცხოვრები ოჯახების მიერ გრძელ გზაზე ერთად წასვლის გადაწყვეტილებაც. გემზე მცხოვრებ ბავშვებს ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან და ადვილად მეგობრდებიან. მათ ესმით, რომ გემზე წესების დაცვა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია; რომ ყოველ გემს სხვადასხვა წესი აქვს და მათ გემზე ასვლისთანავე უნდა გაეცნონ და პატივი სცენ. რომ წესის შეუსრულებლობას, შესაძლებელია, ფატალური შედეგები მოჰყვეს… მათ ასევე აერთიანებთ ჰოუმსქულინგი და თავისუფალი სწავლების სტილი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, იმ დღეებში სკოლას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას… ისინი კი ხშირად მაინც უზიარებენ ერთმანეთს როგორც საყვარელ წიგნებს, ასევე სხვადასხვა ცოდნას, რაც ამა თუ იმ ქვეყანასა თუ კუნძულზე შეიძინეს. ამის შედეგად კი წამოიჭრება ახალი ადგილებისაკენ წასვლის სურვილი.

_ თქვენი აზრით, რითაა გამორჩეული თქვენი ცხოვრება – რას იღებთ მისგან განსაკუთრებულს?

_ როდესაც გემზე ვართ, ცივილიზაციისაგან შორს და ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოებული, ყოველგვარი ნეგატივი, რაც დღევანდელ სამყაროს მოაქვს თითქოს ქრება და მთავარზე აკეთებ აქცენტს.

მთავარი კი ერთად ყოფნა და ბუნებასთან ჰარმონიაში არსებობაა. გვეძლევა საშუალება, ბევრ სხვადასხვა კულტურასა და ქვეყანას გავეცნოთ; გავხდეთ მათი ცხოვრების ნაწილი; დავეხმაროთ მათ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით; არც ერთი დღე არ ჰგავს წინას, ყოველთვის ახალი გამოწვევებითაა სავსე ცხოვრება.

არ ვიცით, ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს, არანაირი გრძელვადიანი გეგმა არ გაგვაჩნია და შესაბამისად ეს საოცარი თავისუფლება გვაძლევს იმის საშუალებას რომ დღევანდელ დღეს დავუთმოთ ყურადღება და ვიცხოვროთ ყოველი წუთით.

 თამუნა ზარანდია 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები