როგორ შეაყვარა თამარ ლომიძემ ნორვეგიელ მეუღლეს საქართველო – წყვილის ტურისტულ-კულტურული სინთეზი

10 პერსონალური გამოფენა, რამდენიმე პოეტური კრებული, ნორვეგიელ მეუღლესთან ერთად დაარსებული ტურისტული კომპანია „კულტურული მოგზაურობა საქართველოში“ და სამშობლოსგან ათასობით კილომეტრით შორს, ნორვეგიაში გაკეთებული ქართული საქმე – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თამარ ლომიძის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი საქმიანობისა.

ნორვეგიაში სწავლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და უცხოელებისათვის ქვეყნის კულტურის გაცნობას მიჰყო ხელი.  საქართველოს გაცნობა და შეყვარება არც მის მეუღლეს, სვენს გასჭირვებია. სვენმა ქართული ფოლკლორული ტრიო, „გიორგი“ ჩამოაყალიბა და როგორც თამარი ამბობს, იგი საქართველოში ყოველთვის „სახლშია“.

ოჯახური პირობების გამო, კვლავ ნორვეგიაში დაბრუნებული წყვილი აგრძელებს „ნორ-გეს“ (ნორვეგიულ-ქართულ) საქმიანობას და ადგილობრივებს საქართველოს სიყვარულსაც უნერგავს – ტრიო „გიორგი“ პერიოდულად კონცერტებსაც მართავს ნორვეგიაში, თამარ ლომიძის ბოლო პერსონალური გამოფენა კი ოსლოში ახლაც მიმდინარეობს.

„ქართული კვირა“ თამარ ლომიძეს ნორვეგიაში დაუკავშირდა.

_ უპირველეს ყოვლისა, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით – როგორ აღმოჩნდით ხელოვნების ორ სხვადასხვა დარგში?

_ ბავშვობიდან მიყვარდა ბუნებაში ხეტიალი, პოეზია… მე პატარა ვიყავი და არ მახსოვს, მაგრამ ჩემები იხსენებენ ხოლმე, თბილისიდან ბორჯომამდე, ბებიასთან სანამ ჩავიდოდით, მთელი გზა ვერ მაჩუმებდნენ, უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად. ბებია მასწავლიდა ბუნების, ლიტერატურის სიყვარულს. თავად უნიჭიერესი ქალი იყო, შესანიშნავად ქარგავდა, კერავდა, ქსოვდა. ხატვით არ ხატავდა, მაგრამ მე რომ ხატვა დავიწყე, უბედნიერესი იყო.

წიგნი შემაყვარა… ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს. სანამ წერას ვისწავლიდი, ბებია იწერდა ხოლმე… ლიტერატურის სიყვარულმა გადამძალა და სამხატვრო აკადემიის მაგივრად უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მეორად ფაკულტეტზე ფერწერასა და ხელოვნებათმცოდნეობას ვეუფლებოდი. ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობდი, ძირითადად, მხატვრობისა და პოეზიის ურთიერთობაზე. ჰაგიოგრაფიისა და ფრესკების, ,,ვეფხისტყაოსანსა“ და მის ილუსტრაციებზე… ვინაიდან, ასეთი თემები დაუმუშავებელი იყო, უფრო მიზიდავდა. მერე მოგვიანებით, მასწავლებლადა როცა ვმუშაობდი, ბავშვებს ლექსების დახატვას ვავალებდი. ასე უფრო ესმოდათ და უყვარდებოდათ ლექსი. მხატვრობა და პოეზია ჩემი სული ნაწილია, ვერც ერთის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, ორივე ჰაერივით და წყალივით მჭირდება. ფერებით მინდა გადმოვცე სათქმელი ლექსში და სიტყვებით ვხატო…

,,პოეზია ხომ მეტყველი მხატვრობაა და მხატვრობა – მუნჯი პოეზია“…

_ რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი საქმიანობა და როგორ გამოხატავთ მასში საკუთარ თავსა და ემოციებს?

_ ჩემი საქმიანობა ჩემი ყოველდღიურობაა, თუ დღე ისე გავა, ვერაფერი გავაკეთე, პატარა ჩანახატი ან პატარა ლექსი, არ წავიკითხე მაინც და არ გავეცანი რამეს, დაკარგულად ვთვლი იმ დღეს. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეა მოწყობილი, ბევრი ასეთი ,,დაკარგული“ დღე მაქვს… ყოველთვის უამრავი რამე მაინტერესებდა და გაბნეული ვიყავი სხვადასხვა სფეროში, რამაც გამოცდილება კი დამიგროვა (რაც ჩემს ტურისტულ საქმიანობაში გამომადგა), მაგრამ ძალიან დააკლდა შემოქმედებას ის დრო და ემოცია. საერთოდ, თუ ემოცია მაწუხებს, ხატვა მინდა და უდროობის გამო ვერ ვხატავ, ასე მგონია, მთელ სხეულზე კანი მებზარება. ყოველთვის მქონდა სახელოსნოს პრობლემა, რასაც ძალიან განვიცდიდი. დიდი შრომის და წვალების ფასად ვქმნიდი ყველაფერს…

_ ზოგადად, რის თქმა და გამოხატვა გსურთ თქვენი ხელოვნებით?

_ სულიერების, ჩემი ძველი თბილისის სიყვარულის, ბუნების… ჩემი პოეზიაც და მხატვრობაც ერთ მიზანს ემსახურება, ადამიანის და უფლის სიყვარულს. მე არ ვიცი, როგორ გამომდის და როგორ გამოვხატავ ამას, მაგრამ სულიერების გარეშე ვერაფერს ვამბობ.

 _ საქართველოი ცხოვრების პერიოდზეც მოგვიყევით – როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი მეუღლე ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწეოდით…

_ ჩვენ ახლაც ვეწევით იმავე საქმიანობას. ეს საქმე სეზონურია და ხელს არ გვიშლის მანძილი.  რამდენიმე წელია, ნორვეგიიდან ჯგუფები ჩამოგვყავს. ჩვენს ტურისტულ კომპანიას  ,,Cultural Travel-Georgia“ ჰქვია. გავაერთიანეთ ჩვენი ინტერესები და კონტაქტები და ძირითადად კულტურული ტურებს ვატარებთ. ჩამოდიან გუნდები და ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, გვაქვს ღვინის, რელიგიური და ლიტერატურული ტურები. ძალიან საინტერესო სტუმრები ჩამოდიან ხოლმე. ახლა, აპრილში 81 არქეოლოგი უნდა ჩამოვიყვანოთ. ფაქტობრივად, სეზონი გადავსებულია… სტუმრები ხშირად მოდიან ჩვენს გალერეაში, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან მდებარეობს და სახელად ,,Nor-Ge“ ჰქვია – ნორვეგია და გეორგია… ნორვეგიულად ნორგე ნორვეგიაა. ძალიან კარგად გამოვიდა. ასე რომ, პატარა ნორვეგია საქართველოშიც გვაქვს.

_ როგორც ვიცი, თქვენმა მეუღლემ ქართული სიმღერა შეისწავლა და ფოლკლორული ანსამბლიც ჩამოაყალიბა – როგორ გაჩნდა მის ცხოვრებაში ქართული მრავალხმიანობისადმი სიყვარული, არის ამაში თქვენი წვლილი?

_ სვენმა ქართული ხალხური სიმღერები ჩემთან შეხვედრამდე მოისმინა. მე ნორვეგიაში ვსწავლობდი და ნორვეგიულიც ვიცოდი. საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი.. მერე ჩამოვიდა საქართველოში და ,,კარგ ხელში“ აღმოჩნდა.

გავაცანი გიორგი უშიკიშვილი, რომელიც შემდეგ მისი ნათლია გახდა. ფაქტობრივად, ქვეყანა მე გავაცანი. დამყავდა მუზეუმებში, ბუნებაში… ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. როცა დავოჯახდით, საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტეთ. მერე დავაფუძნე ტურისტული კომპანია, საცხოვრებლად ბაგებიდან გადავედით ძველ თბილისში, გავხსენი გალერეა ,,Nor-Ge“. მინდოდა ყველანაირად გამომეყენებინა ჩვენი შესაძლებლობები.

Tamar Lomidze-ს ფოტო.

_ არ იყო რთული თქვენი მეუღლისათვის საქართველოში ცხოვრება? ბევრი კულტურული და მენტალური განსხვავებაა ჩვენ შორის…

_ საერთოდ არ იყო რთული. სვენს ძალიან უყვარს საქართველო – ,,მისი“ ქვეყანაა და როცა ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერის, უცხოელი არც მგონია. მთელი გულით ასრულებს. საქართველო მართლა სამშობლოდ იქცა მისთვის, რასაც მე ვერასდროს ვიტყვი ნორვეგიაზე. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი მეორე სამშობლო ვერასდროს იქნება. სვენი კი თავიდანვე ,,სახლში“ იყო. სულ საქართველოზე ფიქრობს, სულ ქართული საქმის კეთება უნდა. რასაკვირველია, მიხარია.

ტრიო ,,გიორგი“ დააფუძნა და ნორვეგიაში ხშირად მართავენ კონცერტებს. ამ ტრიოში სვენი, პეტერ სიმონსენი და ბექა სებისკვერაძე მღერიან. ახლა მეორე ალბომის ჩაწერისთვის ემზადებიან და მარტში ოსლოში კონცერტთან ერთად პრეზენტაციაც ექნებათ.

_ რას საქმიანობდით ნორვეგიაში მანამ, სანამ თქვენი მეუღლე სვენი გახდებოდა და საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდით?

მე ნორვეგიაში ვსწავლობდი. თავიდან ნორვეგიული ლიტერატურით – ჰამსუნით, იბსენით, იუსტაინ გორდერით და თარიაი ვესოსით ვიყავი დაინტერესებული.  კ. ჰამსუნის თარგმნაც კი ვცადე. თურბიორნ ეგნერის ,,კარიუსი და ბაქტუსი” ვთარგმნე და წიგნად გამოვეცი. ამ პერიოდში მუნკის და გუსტავ ვიგელანდის შემოქმედებას გავეცანი და ჩემი ინტერესები უფრო ხელოვნებისკენ გადაიხარა.

ვწერდი თემებს მათ შემოქმედებაზე და ერთმა თემამ, ,,ქრისტიანული მოტივები გუსტავ ვიგელანდის შემოქმედებაში,” საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა. სტიპენდია მოვიპოვე და მუზეუმში ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო.

მერე ემიგრანტების ლექსების წიგნი გამოვეცი. ,,სამშობლოს სურნელი” ჰქვია ამ წიგნს. შევკრიბე ემიგრანტების ტკივილიანი ლექსები სამშობლოზე, დავასურათე, რედაქტორიც მე ვიყავი და წიგნად გამოვეცი. უზარმაზარი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში. თანაც სრულიად უსასყიდლოდ… იმიტომ, რომ ჩვენი საერთო ტკივილი იყო და მინდოდა, თავი მომეყარა ამ ცრემლებისთვის…

_ წლების შემდეგ, რატომ მიიღეთ ნორვეგიაში დაბრუნების გადაწყვეტილება ?

_  ჩვენს შვილს, ლუკას, სწავლის გაგრძელება ნორვეგიაში უნდოდა. ლუკა არასრულწლოვანია და მარტო ვერ გამოვუშვებდით. პირადად მე, არანაირი სურვილი არ მქონდა აქ წამოსვლის, საშინელი ხელისშემშლელი პირობები რომ არა…

_ რა გენატრებათ საქართველოდან ყველაზე მეტად და როგორ უმკლავდებით ნოსტალგიას? ახერხებთ ხშირად ჩამოსვლას?

_ ყველაზე ძალიან სახლი, ჩემი ლამაზი ხედები და სოფელი მენატრება ხოლმე. ნოსტალგიამ რომ არ გამანადგუროს, გარეთ ნაკლებად გავდივარ, მხოლოდ ბუნებაში ვსეირნობ, ვარ ოთახში ჩაკეტილი და ვხატავ. ასე მგონია, საქართველოში სხვაგან ვიქირავე ბინა, სადაც ვმუშაობ. ასე ვამხნევებ თავს. ხშირად ჩამოვდივარ, კი. სეზონზე, მით უმეტეს, როცა ჯგუფები ჩამოგვყავს.

_ ახლახან ოსლოში თქვენი პერსონალური გამოფენა გაიხსნა – მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ მეტი…

_ ეს ჩემი მეათე პერსონალური გამოფენაა. ნორვეგიაში მესამედ მომეცა შესაძლებლობა, გამომეფინა ნამუშევრები. უამრავი ადამიანი იყო გახსნაზე. გალერეა მეფის სასახლესთან ახლოს, საკმაოდ პრესტიჟულ უბანშია. ყოველდღიურად ბევრი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანი შემოდის. გახსნაზე 10 საელჩოდან იყვნენ წარმომადგენლები, მათ შორის, 8 თავად ელჩი იყო. იაპონიის ელჩი სხვა დროს მოვიდა, როცა ქართულ ხალხურ სიმღერებსაც მღეროდა ტრიო ,,გიორგი“. გამოფენაზე სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი გამოფენა გამოვიდა. ამას ბევრი მნახველი აღნიშნავს. მე მიყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები, ძიება. მალე მბეზრდება ერთი და იგივე სტილი, ჟანრი, ტექნიკა, მოტივი… სულ ახალი მინდა ვცადო. მართალია, რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. სიახლეში მეტი ემოციაა – უფრო ვსუნთქავ. როგორც მწერალი წერს სხვადასხვა რომანს და თხზავს რაღაც ახალს, ასე ვცდილობ მეც, თითოეული ნახატით რაღაც ახალს ვუამბო მნახველს. ამაში კი სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობა ძალიან მეხმარება. ვმუშაობ აკვარელში, ტუშში, აკრილში. ზეთში, ტიპოგრაფიულ საღებავებსაც ხშირად ვიყენებ. ყველა-ფერს ვედები…

_ რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია – გჭირდებათ სპეციალური გარემო ან განწყობა წერისა და ხატვისათვის?

_ სიჩუმე მიყვარს ძალიან. სიჩუმეში უფრო უკეთ ვუღრმავდები ჩანაფიქრს. სწორედ სიჩუმის და მყუდროების დარღვევაა, ყველაზე მეტად რომ მაღიზიანებს მუშაობის დროს.  განწყობას არასდროს ვეძებ. საკმარისია, მოვუსმინო კლასიკას, ვნახო კარგი ფილმი ან წავიკითხო კარგი წიგნი, უკვე განწყობა მაქვს სამუშაოდ. ასეც რომ არ იყოს, მუზას არასდროს ,,ველოდები“. ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ჩემი სულის მდგომარეობას უფრო უკავშირდება. მთავარია, იყოს სიჩუმე და ვუსმენდე კლასიკას, საგალობლებს ან ფოლკლორს.

Tamar Lomidze-ს ფოტო.

_ სამომავლო გეგმების შესახებაც რომ მოგვიყვეთ – რომელ ქვეყანას უკავშირებთ თქვენს მომავალს?

_ გეგმები, როგორც ასეთი, არ მაქვს. ვინაიდან, ნამუშევრები ხშირად იყიდება, ყოველთვის მინდა, იმდენი ვიმუშაო და ისეთი ნამუშევრები შევქმნა, რომ უკეთესი გამოფენები მქონდეს.

შემოთავაზებაც ბევრია… თუნდაც, სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩემთვის მთავარი მუშაობაა. საქართველოში ბოლო გამოფენა ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მქონდა. პოეზიის საღამო კი, 5 წლის წინ. ჩემი ბოლო პოეტური კრებულის ,, მე სხვა ცას ვეძებ“ და კალენდრის პრეზენტაციის დროს. თუ მოვაბი თავი ახალი წიგნის გამოცემას, ხომ კარგი… ყოველ შემთხვევაში, 2-3 წელიწადში საქართველოში მინდა კარგი საღამო და გამოფენა მქონდეს. ვნახოთ…

_ რას უნდა ელოდნენ ხელოვნების მოყვარულები თამარ ლომიძისაგან?

_ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულსა და სიყვარულით შექმნილ ნამუშევრებს.  საქართველოსთან დაკავშირებულ მეტ სიახლეს…

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები