იტალიელი ბაბუა ქართველი “ბადანტის” შვილების ძიძა

დღეს კიდევ ერთი ემიგრანტის Anna Bibaj-ის პოსტი გვინდა შემოგთავაზოთ, ამბავი, რომელიც ზღაპარს გავს…

„მოგესალმებით! მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, თუ როგორ გახდა იტალიელი ბაბუა ქართველი “ბადანტის” შვილების ძიძა.

იტალიაში 2006 წელს ჩამოვედი. დიდი იმედებით, რომ სწავლას აქ გავაგრძელებდი და თან ვიმუშავებდი. საქართველოდან ყველაფერი ლამაზად ჩანს! მაგრამ აქ ყველაფერი ისე არ დამხვდა, როგორც ბევრ ჩვენგანს წარმოგვედგინა.

სულ რაღაც 18 წლის ვიყავი და როგორც ყველამ, მეც დავიწყე მუშაობა მომვლელად. ყველას დაწუნებულ სამსახურში მე შევდიოდი. მერე ყველას მოსწონდა. იდეალური სამსახური არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვირგოთ ის და მეც მშვენივრად გამომდიოდა ეს. ალბათ, ასაკის გამოც.

ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა ამ 12 წლის მანძილზე, მაგრამ ბევრმაც მატკინა გული.

უმრავლესობა, რადგან პატარა ვიყავი ასაკით, სამსახურსაც არ მაძლევდა. ეშინოდათ არ დამეკარგა სამსახური და მათაც არ დაეკარგათ თანხა, რომელსაც სამსახურის სანაცვლოდ ითხოვდნენ.

სანატორია გამოვიდა და საბუთიც მალე გავაკეთე.

შევედი სამსახურში, სადაც ბებია იყო მოსავლელი. ბებიასთან სტუმრად ბაბუა იყო. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ სამი ქართველი იყო გაქცეული ამ სამსახურიდან. იწუნებდნენ, რადგან სოფელი იყო და ტრანსპორტი არ უდგებოდა, ქალაქში რომ ჩასულიყვნენ ხუთშაბათობით, უქმეზე.

ბებია ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ბაბუამ, რომელიც ტორინოდან იყო, შემომთავაზა (ხედავდა, ახალგაზრდა ვიყავი და მალე დავქორწინდებოდი, შეყვარებული უკვე მყავდა), რადგან მას პატრონი არავინ ყავდა, მისთვის მიმეხედა და ყველაფერს დამიტოვებდა.

რა თქმა უნდა, დავთანხმდი! ასეთი შანსი, ცხოვრებაში ერთხელ უვარდება ადამიანს ხელში.

დღეს როგორ ვართ?

ბაბუამ გვიყიდა ვილა და ვცხოვრობთ: ბაბუა, მე, ჩემი მეუღლე და ორი პატარა, 4 და 7 წლის. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ და ბავშვებს, ბაღისა და სკოლის შემდეგ, ბაბუა უვლის!

ასე გახდა ჩემი „იტალიელი ბაბუა“ ჩემი შვილების ძიძა…

p.s. მინდა დავამატო, რომ ასეთი სტილის პოსტებზე ვკითხულობ კომენტარებს, არავინ არაფერს დაგიტოვებსო. მინდა გითხრათ, რომ თურმე ასეთებიც ხდება! თბილად მოექეცით თქვენს მოხუცებს და თქვენთვისაც გამოჩნდება ერთი კეთილი “nonno”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები