საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში  670,122-მა საერთაშორისო ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  12%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543,176 შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2018 წლის  მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338,831-ს გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 10.3%-ით აღემატება. 

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს – 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,191,042 შეადგინა (ზრდა 6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  4,768,432  (ზრდა  6.3%).

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 82,029 საერთაშორისო  ვიზიტი შედგა, რაც 10.9%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში,  ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება. რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო ალტერნატიული ბაზრების ათვისების მიზნით.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთსა და ყაზახეთში  აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს National Geographic-სა და  Google-ზე.

CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia”  დამზადდა.

სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლათფორმებით. პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით ჟურნალისტსა თუ ბლოგერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები