საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში, ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 429 601 (ზრდა 6%).

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-ოქტომბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.8 მილიარდ დოლარს, რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 267 მილიონ დოლარს, რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

,,აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვ. – იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე.

CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.

სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლათფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს“ -აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები