იტალიაში ათიათასობით ქართველი მუშაობს ბადანტედ, კოლფად, ძიძად, ან სხვა საოჯახო პერსონალად. მიუხედავად ამისა, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მათი სამუშაო პირობები მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. მათ უფლებებსა და ვალდებულებებს არეგულირებს ეროვნული კოლექტიური ხელშეკრულება — Contratto Collettivo Nazionale del Lavoro Domestico (CCNL).
სწორედ ამ დოკუმენტშია გაწერილი, რამდენი საათი შეიძლება იმუშაოთ, რამდენი დღე გეკუთვნით შვებულება, როგორ უნდა აგინაზღაურდეთ ზეგანაკვეთური სამუშაო, რა შემთხვევაში შეიძლება თქვენი გათავისუფლება, რა უფლებები გაქვთ ავადმყოფობის, ორსულობის, დასვენებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
დღეიდან AprioriTV იწყებს ახალ სპეციალურ რუბრიკას, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ მოქმედი CCNL-ის ყველა მნიშვნელოვან ნორმას.
რა არის CCNL?
CCNL (Contratto Collettivo Nazionale di Lavoro Domestico) არის იტალიის მასშტაბით მოქმედი ეროვნული კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს შინამოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებს.
ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და პროფკავშირებს შორის და სავალდებულოა იმ შრომითი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამ სფეროს მიეკუთვნება.
ვის ეხება ეს კონტრაქტი?
CCNL ვრცელდება:
– კოლფებზე (Colf);
– ბადანტეებზე (Badanti);
– ძიძებზე (Baby Sitter);
– მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომვლელებზე;
– ოჯახში დასაქმებულ სხვა პერსონალზე.
კონტრაქტი თანაბრად ვრცელდება როგორც იტალიის მოქალაქეებზე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზეც, თუ ისინი იტალიაში საოჯახში სექტორში არიან დასაქმებულები.
რომელი კონტრაქტი მოქმედებს დღეს?
ამჟამად მოქმედებს CCNL Lavoro Domestico 2025–2028, რომელიც გაფორმდა 2025 წლის ოქტომბერში და ძალაში შევიდა 2025 წლის 1 ნოემბრიდან.
მისი მოქმედების ვადა 2028 წლის 31 ოქტომბრამდეა, თუმცა ხელფასებისა და ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გადახედვა ყოველწლიურად ხდება ინფლაციის გათვალისწინებით.
რატომ არის ამ კონტრაქტის ცოდნა აუცილებელი?
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მრავალი შრომითი დავა მხოლოდ იმიტომ წარმოიშობა, რომ დასაქმებულმა საკუთარი უფლებები არ იცის.
ხშირად ემიგრანტები:
– მუშაობენ იმაზე მეტი საათი, ვიდრე კანონით არის დაშვებული;
– არ იღებენ ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას;
– არ აძლევენ სრულ შვებულებას;
– არასწორ პროფესიულ კატეგორიაში აფორმებენ;
– ვერ იღებენ მათთვის კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებას.
ასეთ შემთხვევებში სწორედ CCNL არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, რა ეკუთვნის დასაქმებულს და რა ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს.
რას განვიხილავთ ამ სერიაში?
მომდევნო დღეებში დეტალურად ვისაუბრებთ:
– როგორ უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება;
– რა უნდა ეწეროს კონტრაქტში;
– როგორ განისაზღვრება პროფესიული კატეგორია;
– რამდენია სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა;
– როგორ ითვლება ზეგანაკვეთური;
– რა შვებულება და დასვენების დღეები ეკუთვნის დასაქმებულს;
– როგორ ხდება ავადმყოფობისა და ორსულობის პერიოდში უფლებების დაცვა;
– რა არის TFR;
– როგორ ხდება სამსახურიდან წასვლა ან გათავისუფლება;
– რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად როგორც დამსაქმებლები, ისე დასაქმებულები.
AprioriTV გირჩევთ
არასოდეს მოაწეროთ ხელი შრომით ხელშეკრულებას ისე, რომ არ იცოდეთ, რას ეთანხმებით. თქვენი ხელმოწერა ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ კონკრეტულ უფლებებსაც და ვალდებულებებსაც. ინფორმირებული თანამშრომელი გაცილებით უკეთ არის დაცული, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ზეპირ შეთანხმებებს ეყრდნობა.
ეს სერია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თითოეულმა ქართველმა ემიგრანტმა იცოდეს საკუთარი შრომითი უფლებები იტალიაში.
წყარო: Badante/ბადანტე – ავტორი: ხათუნა შარაძე