ალბათ ყველა დროსა და ეპოქას მისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები, ფერები, სურნელი, ხმები და რიტმები აქვს. „დროში გაცოცხლებული დიპლიპიტოს რიტმები“ – ასეთი სახელწოდებით გაიმართება ფატი თურმანიძის პერსონალური გამოფენა. რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის “შემოქმედებით საქართველოს“ ეგიდითა და „ხელოვან ქალთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდება.
„ქართული კვირის“ მკითხველმა ადრე უკვე გაიცნო ფატი თურმანიძე, რომლის საქმიანობაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი პროფესიით მსახიობია, ასევე არის ხატმწერი, სხვადასხვა აქსესუარებს ამზადებს და სახლის დიზაინზეც მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ფატი თურმანიძე, ჯერჯერობით, ერთადერთია, ვინც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს, დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს. ხელოვანმა ეს ხალხური საკრავი ძველი საკოლექციო დიპლიპიტოს მიხედვით აღადგინა, რისთვისაც ტყავზე მუშაობის საკუთარი ტექნოლოგია შეიმუშავა, სწორედ ამიტომ სახელმწიფო საარქივო ფონდში შეიყვანეს.
დიპლიპიტოს გარდა ფატიმ სრულიად ახალი, საავტორო მუსიკალური ინსტრუმენტი – დარპლიპიტო შექმნა, ასევე ამზადებს ქართულ დაირას.
ფატი თურმანიძის გამოფენა საქართველოში დაგეგმილია ოქტომბერში, გალერეაში „იარტი”. იქ მისულ სტუმარს საშუალება მიეცემა ხელოვანის ქართული ორნამენტებით მოხატული ყველა ნამუშევარი ერთ სივრცეში გამოფენილი იხილოს და დროში გაცოცხლებული რიტმებიც მოისმინოს…
თეონა გოგნიაშვილი