5 და 6 ივნისს, კონსერვატორიაში Erasmus+ მობილობის ფარგლებში მასტერკლასს ჩაატარებს იტალიის ქალაქ სასარის კონსერვატორიის პედაგოგი, ფლეიტისტი ვერონიკა ხიზანიშვილი.
“ვერონიკა ხიზანიშვილი გახლავთ ფლეიტისტი, სომხურ-ქართული წარმოშობის მუსიკოსი, დაბადებული თბილისში. სწავლობდა ზ. ფალიაშვილის მუსიკალურ გიმნაზიაში, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და რომის სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში, რომელიც უმაღლესი შეფასებით დაამთავრა ფრანც ალბანეზეს ხელმძღვანელობით. ასევე სპეციალიზირდა ბაროკოს ფლეიტაში და სწავლობდა იმოლას საერთაშორისო აკადემიაში ანდრეა ოლივასა და მაურიციო ვალენტინის ხელმძღვანელობით.
მისი რეპერტუარი მოიცავს კლასიკურ, ძველ, ტრადიციულ, თანამედროვე, სომხურ და ქართულ მუსიკას. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ფინალისტი, თანამშრომლობდა ცნობილ დირიჟორებთან და სხვადასხვა ორკესტრთან, მათ შორის Teatro dell’Opera di Roma-სთან.
აქტიურად ეწევა საკონცერტო საქმიანობას და გამოდის ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა Auditorium Parco della Musica, Teatro San Carlo di Napoli და Teatro dell’Opera di Roma.
ვერონიკა ხიზანიშვილი ასევე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას სომეხი თბილისელი კომპოზიტორის ელენა მარდიანის მუსიკას, აქვეყნებს მის ნაწარმოებებს საერთაშორისო გამომცემლობებში და მონაწილეობს რადიო და საგამომცემლო პროექტებში. აკორდეონისტ სარია კონვერტინოსთან ერთად დააარსა Duo AccordionFlute.
პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას — ასწავლიდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტიტუტსა და კონსერვატორიაში იტალიაში და ატარებდა ფლეიტის მასტერკლასებს საქართველოში და ევროპაში”, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასწრება თავისუფალია