საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ საღამოზე მსმენელის წინაშე, ორკესტრთან ერთად, ცნობილი სოლისტი – მაჩეი კულაკოვსკი (ჩელო) წარდგა. შესრულდა ანტონინ დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (სი მინორი, თხზ. 104) და პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია №6, „პათეტიკური“ (თხზ. 74). კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
დღეს, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის მეორე კონცერტი გაიმართება.