იტალიაში ქართველთა სათვისტომო „კოლხეთი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით, 2 აგვისტოს რომში, შოთა რუსთველის ძეგლთან, ვილა ბორგეზეზე, 19:00 საათზე, აწყობს ქართულ საღამოს: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
შეხვედრის პირველ ნაწილში, რომელსაც ქართველი ემიგრანტების გარდა დაესწრებიან რომის მერიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები საქართველოდან და იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან, წაიკითხავენ დიდი ქართველი მგოსნის უკვდავ სიტყვებს მსოფლიოს ბევრ ენაზე, ასევე ქართველი პოეტების ლექსებს ქართულად და იტალიურად. ასევე, გაცხადდება ზემოხსენებული აფორიზმის სახელწოდების მქონე საერთაშორისო ასოციაციის დაფუძნების იდეა.
შეხვედრის მეორე ნაწილი გაგრძელდება ღია ცის ქვეშ მდებარე სატირუს ბარში, რუსთველის ძეგლთან ახლოს, თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეის მოპირდაპირედ. ღონისძიების დროს, „რვა კუს“ შადრევნის ირგვლივ, გამოიფინება თანამედროვე ქართველი და იტალიელი მხატვრების ნამუშევრები, განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართულ ხატებს. გარდა ამისა, შესრულებული იქნება ქართული და იტალიური საესტრადო და საოპერო მუსიკის შედევრები, აგრეთვე, რომის ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ – ილია II საგალობლები, ხოლო ბრუნო ზევის მონუმენტურ კიბეებზე ქართველი დიზაინერები აჩვენებენ ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ახალ მოდელებს. გარდა ამისა, საქართველოდან ჩამოსული სტუმრები სათვისტომოს გადასცემენ ქართულ ხატებს, რომლებიც შემდგომში, რომში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურთან ერთად, გადაეცემა რომის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სალოცავი ოთახებისთვის. ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუში, მადლიერების გამოხატვის ნიშნად, საჩუქრად გადაეცემა რომის მერიას, რომელმაც მსოფლიოში ცნობილ ამ რომაულ პარკში შოთა რუსთველის ძეგლის დადგმის ნებართვა გასცა.