2 ივნისს, 18:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა – „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“.
ფონდის ინფორმაციით, ექსპოზიცია აერთიანებს ქართული ხელოვნების სხვადასხვა ეპოქისა და თაობის გამორჩეულ ავტორებს – ალექსანდრე ბერიძეს, ალექსანდრე მრევლიშვილს, გიგო გაბაშვილს, მოსე თოიძეს, ნიკო ფიროსმანაშვილს, ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, ვალერიან სიდამონ-ერისთავს, შალვა ქიქოძეს, სერგო ქობულაძეს, თამარ აბაკელიას, დიმიტრი ერისთავს, თენგიზ მირზაშვილს, მერაბ აბრამიშვილს და სხვა მნიშვნელოვან მხატვრებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე ფონდ „ათინათის“ კოლექციაში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
„ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა ბავშვისა და ბავშვობის აღქმა ქართულ სახვით ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე. ეს არის ვიზუალური ქრონიკა, სადაც ხელოვნება გვიყვება ბავშვის სამყაროზე, ოჯახის როლზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ბავშვობის დაცვასა და პატივისცემას უკავშირდება.
ეს გამოფენა მნიშვნელოვანი გზავნილია ბავშვებისთვისაც – რომ მათი ხმა ისმის, მათი განცდები მნიშვნელოვანია და მათი კეთილდღეობა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.
ბავშვთა საერთაშორისო ფონდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელოვნების, განათლებისა და ბავშვთა უფლებების დაკავშირებას. გვჯერა, რომ კულტურა არა მხოლოდ ესთეტიკური გამოცდილებაა, არამედ ბავშვებისადმი თანაგრძნობის, ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გაღვივების ძლიერი გზა.
გელოდებით საქართველოს ეროვნულ გალერეაში – გამოფენაზე, რომელიც ხელოვნების ენით გვესაუბრება ბავშვობის ფასეულობაზე“, – წერია ინფორმაციაში.
გამოფენის მიმდინარეობა: 2 ივნისი – 5 ივლისი; საქართველოს ეროვნული გალერეა.