ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო, პირველი ლექსი მამას დაუწერა 5 წლის ასაკში, მეორე დედას, მესამე კი თავის პირველ მასწავლებელს მიუძღვნა სკოლაში. შემდეგ ისე გაიტაცა წერამ, რომ მისთვის მნიშვნელოვან ამბებს რითმავდა და ლექსად გადმოსცემდა. საბოლოო ჯამში კი ლექსი მის ერთგულ მესაიდუმლედ იქცა. ბევრს გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ დღეს ცნობილ, ნიჭიერ მსახიობს, ცისია მეტრეველს ახალ ამპლუაში წარმოგიდგენთ, დაიბეჭდა ცისიას ლექსების პირველი კრებული “ცის ია”.
– როგორც ჩანს, ბევრმა არ იცოდა ლექსებს რომ წერდით…
– ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ და იციან ლექსებს რომ ვწერ ბავშვობიდან, მაგრამ ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი, ერთგვარი სიურპრიზი იყო. სწორედ ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, თუ მოთხოვნით ნავსი გავტეხე და გადავწყვიტე ლექსების გარკვეული ნაწილის დღის სინათლეზე გამოტანა. მათ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულეს ამ საქმეში, თუმცა, ალბათ, შინაგანად მეც მქონდა უკვე ამის მზაობა და სურვილი. აქვე უნდა ვთქვა და დიდ მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც დაიბეჭდა ჩემი პირველი წიგნი.
* * *
შემოდგომის წვიმავ
ნეტავ რამ შეგშალა?
იქნებ სიყვარულმა
ანდა სიძულვილმა?
თუ ქარვისფერ ქარებს
შენი სველი ფარდა
მოახვიე ქურქად,
საჩუქრად და მუქთად?
ფოთოლცვენის ზღვაში,
ნიავსა და ქარში,
სველი მოსასხამი
წვეთ-წვეთად და ნელა,
როგორც საქანელა,
ტრიალებს და შრება,
თითქოს წვეთიც ქრება…
მაგრამ ისევ წვიმა
გიჟმაჟი და ხამი,
წვიმის წვეთებს ხატავს
თან ძვალ-რბილში ატანს,
უსუსტესს და ამტანს
ის უმზადებს ხაფანგს.
მოდი, მოდი წვიმავ,
ჩამორეცხე დარდი!
იქნებ უკვე გძულვარ
თუ კვლავ შეგიყვარდი?
მე ვერ ვხვდები მითხარ,
თუ ვის მიმამსგავსე,
გავბედავ და გკითხავ
წყლის ცრემლებით სავსეს,
შემოდგომის წვიმავ
რამ შეგშალა ასე?
– მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა თოჯინების თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, 8 წლის და საკუთარი ლექსი პირველად იქ წავიკითხე მაყურებლის წინაშე. გენიალურმა რეჟისორმა დოდო ალექსიძემ აღფრთოვანება ვერ დამალა, აღტაცებულმა ჩამიხუტა, შუბლზე მეამბორა და თქვა ნამდვილი მსახიობიაო. ამ გადასახედიდან მისი სიტყვები თითქოს წინასწარმეტყველებასავით ახდა, რადგან წლების შემდეგ ჩემს მომავალ პროფესიად სწორედ მსახიობობა ავირჩიე.
თოჯინების თეატრს
(50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი)
სთესავ და სთესავ სიკეთეს,
ორმოცდაათი წელია,
შენი ლამაზი გმირები
დღესაც ჩვენს გულში მღერიან!
ზღაპართა სიბრძნის ოსტატო
ბავშვები რარიგ გელიან,
ბაყბაყ-დევს რაკი აჯობე,
წლები რას მოგერევიან?!
კვლავ ახალგაზრდა მენახე,
სიმართლის მფენო ფერიავ,
მეც დიდ მადლობას მოგიძღვნი
დღეს ხომ ზეიმი შენია!
(1984წ)
მეორედ, საკუთარი ლექსი, ფაქტობრივად ექსპრომტად, სულ რამდენიმე თვის წინ იმედის ტელევიზიაში, გოჩა კაპანაძესთან “კულინარიულ დუელში” სტუმრობისას წავიკითხე…
* * *
ცის კაბადონზე გაიელვა ეულის ლანდმა
და მთვარის შუქზე ცას უკუნი გადააფარა,
გრიგალთა სუნთქვას ააყოლა ფეთქვა გულის და
მოღალულ ვარსკვლავს სხივი სტყორცნა, ფრთა ააფარა…
ხილული მნათი ანთებული კელაპტარივით
უხილავ არეს მოისროლა ზვირთ აღქაფებამ,
ცისა და მიწის გასაყართან დაკიდულ ვარსკვლავს
გრძნეული კალთა შეაშველეს მზის დაფდაფებმა.
მიუხმატკბილეს, დაუამეს გული გარიყულს,
ზღვის სირინოზთა ხმა არღვევდა დაღალულ არეს,
ცრემლების ფრქვევით წრფელ ოცნებებს მალვით იკლავდა,
დუმდა, ნატრობდა გადაფრენას მშობლიურ მხარეს…
იავარდქნილი გზა ეგონა წუთისოფელი,
პალიტრის ფერთა შეხამების ბლიც ჰარმონია
და რა ყოფილა? – მოვლენათა დიდი კონტრასტი,
მისტერიათა საკრებულო, ფიქრთ აგონია.
რად იტანჯება აგრერიგად? – არვის კაცთაგანს
კითხვა ამგვარი უგრძნობ გულში არ გასჩენია,
გარიყულ ვარსკვლავს ერთი ხსნა აქვს მხოლოდ ამ ქვეყნად,
შეერწყას ეულთ ცისკრის სხივზე – ეს დარჩენია!
– დიახ, ნამდვილად ასეა, მგონია რომ სათაური ერთგვარი დაკონკრეტება, დაზუსტებაა იმის, თუ რაზეა ლექსი დაწერილი, მე მაინც ჩემთვის ვიტოვებ იმ მთავარს, რამაც მომცა ინსპირაცია…
– ვთქვით, რომ ბევრმა არ იცოდა ლექსებს რომ წერდით, ალბათ, არც ის იციან რომ მათემატიკურ სკოლაში სწავლობდით, სკოლის დამთავრების მერე გინდოდათ ჟურნალისტობა, მგონი ისტორიკოსობაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მსახიობი გახდით. როგორ ერთიანდება თქვენში მათემატიკა, ხელოვნება და პოეზია, რაში გეხმარებათ თითოეული მათგანი?
– ალბათ, ყველაფერ ამის სინთეზი მოხდა და ჩემდა უნებურად აისახა უნარ-ჩვევებში, ხასიათში, ანალიტიკურ აზროვნების უნარში… უპირატესობას ვანიჭებ სიზუსტეს, დაფიქრების გარეშე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, ამა თუ იმ მოვლენის მრავალი კუთხით შეხედვა მიყვარს, შედარება, გლობალურ მასშტაბში დანახვა და არა სწორხაზოვანი შეფასება და ა.შ. ადრე უფრო იდეალისტი ვიყავი, ახლა კი ბევრად პრაგმატულად ვუყურებ ყველაფერს. რაც შეეხება პოეზიას, ჩემი ცნობიერებით, ის საუკეთესოდ ასახავს ადამიანურ ღირებულებებს, ფასეულობებს, ისტორიულ მოვლენებსაც კი. ჩემი ლექსები ჩემი სულის ნაწილია, თვითგამოხატვის ერთგვარი ფორმაა სამყაროს სუბიექტური ხედვით გაჯერებული, რაც საშუალებას მაძლევს გადმოვცე ჩემი ფიქრები, გრძნობები, განცდები, იდეები თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით.