თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის პროფესორი, ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაშა მსხილაძე, ERASMUS+ KA171 პროგრამის ფარგლებში, ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტს ეწვია.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო თსსუ-სა და ლიეჟის უნივერსიტეტს შორის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ახალი მიმართულებების განსაზღვრა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ლაშა მსხილაძემ ლიეჟის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს გააცნო თსსუ-ის ისტორია, მისია, ღირებულებები და განვითარების პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფარმაციის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს უკვე არსებული ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, ასევე იმსჯელეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარების, აკადემიური მობილობისა და ახალი საერთაშორისო ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე.
აკადემიურ პერსონალთან გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოითქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო პროექტებისა და სხვადასხვა საუნივერსიტეტო აქტივობის მიმართულებით.
ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების, აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისადმი მისწრაფებას.