,,Wizz Air“ მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატია, რომელიც ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა, ბათუმში დასვენების მიზეზებს შორის ბათუმის ბულვარის, ალი და ნინოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარის მონახულებს ასახელებს.

„ბათუმის ბულვარში გასეირნება ქალაქით ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სასეირნო ბილიკი პალმებით, ბაღებით, ქანდაკებებით და კაფეებით არის გარშემორტყმული. საუკეთესო საშუალებაა ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის და მზის ჩასვლის საყურებლად,“ წერია სტატიაში. ბათუმში სტუმრობის კიდევ ერთ მიზეზს შორისაა ძველი ბათუმი. „ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩები, აივნები და ფერადი შენობები ქალაქის მრავალფეროვან არქიტექტურულ წარსულს ასახავს, კაფეები და პატარა მოედნები კი ქალაქში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.“

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან. ბათუმზე საუბრისას, სტატიაში ასევე ხაზგასმულია ქართული გასტრონომია, სუფრა და ღვინო. „ ქართული სუფრა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო საკვების მირთმევა. ეს არის შეკრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ სტუმართმოყვარეობას, პოლიფონიურ სიმღერას, ტრადიციულ ცეკვებსა თუ კერძებს, რომელთა შორის გამოირჩევა რეგიონის სიმბოლო, აჭარული ხაჭაპური. საქართველოს ხშირად ღვინის აკვანს უწოდებენ, რომლის მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელზე მეტს ითვლის.“ სტატია ბათუმზე ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის ნომერში გამოქვეყნდა. აჭარის პოპულარიზაცია საბორტო ჟურნალის ზაფხულის ნომერშიც იგეგმება”,- წერია ინფორმაციაში.