ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალში ,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ შვიდი საოჯახო მარანი მონაწილეობდა.
ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა მარნებმა: “გონჯების ღვინო”, „ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ილტოს ველი“, „მეღვინეობა თილისმა“, „Blui`s Wine“, „ბაიას ღვინო“ და „ჩვენი ღვინო“.
,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ ბუნებრივი ღვინის ფესტივალია, რომელიც ევროპის ქვეყნების მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. 2026 წლის ფესტივალში 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
“გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.