ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ქარვისფერი ღვინოების ფესტივალზე „Orange Wine Festival“ გაიმართა

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალი Orange Wine Festival“ 2012 წელს დაარსდა და ის წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

გამოფენას ტრადიციულად ღვინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, დაესწრნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა დეგუსტაციები და ასევე დისკუსიები მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩნდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.

ფესტივალს 90-მდე ღვინის მწარმოებელი დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, სლოვაკეთი, იტალია, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, სერბეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.

ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.