მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

17-19 აპრილს მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარიზის წიგნის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სლოგანით „იმოგზაურე საქართველოში“ − ალექსანდრე დიუმასთან ერთად, საქართველო ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება.
წელს ქართული სტენდის კონცეფცია აგებულია ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას წიგნის − „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე, რომელიც ფესტივალზე ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს და დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში დაეხმარება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, კინოჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოსა და კულინარიულ პრეზენტაციებს.
“Grand Palais-ში ქართული სივრცე ხუთი თემატური მიმართულებით იქნება წარმოდგენილი: პროზა და პოეზია, საბავშვო ლიტერატურა, წიგნები ქართული კულტურისა და ხელოვნების შესახებ, ქართული დამწერლობა და ქართველი ქალები.
აქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:
წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან;
პანელური დისკუსიები, კინოჩვენებები და მუსიკალური ღონისძიება;
საქმიანი შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემა: მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო-პოპულარული და კრიტიკული ნაშრომები, საბავშვო წიგნები, ალბომები ქართული ხელოვნების შესახებ, სპორტული და კულინარიული ლიტერატურა.
ქართულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობები: „შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა“, „ფოლიანტი“, „დიოგენე“, „საქართველოს წიგნი“, „წიგნი+ერი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, „ბიო“, მესტიის ფილმების მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი, ასევე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს აღნიშნავს, რის გამო ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ლიტერატურის 16-საუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენას”, – ნათქვამია მწერალთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო წელს უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მწერალთა სახლიპარიზის წიგნის ბაზრობაწიგნის ბაზრობა